ახალი ამბები

სუს-ი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მუქარის შემცველი ვიდეოები არ გაავრცელონ

23 ნოემბერი, 2015 •
სუს-ი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ მუქარის შემცველი ვიდეოები არ გაავრცელონ

სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხდება, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამგვარი ვიდეოების გავრცელება მიზანშეწონილი არაა.

 

“მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოგიწოდებთ და მოგმართავთ თხოვნით, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელს ნუ შეუწყობთ დღეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული, მუქარის შემცვლელი ვიდეომასალის ტირაჟირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეომასალებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია”, – წერს გიორგობიანი.

 

დღეს, 23 ნოემბერს, ვებგვერდზე ”ხალიფატი – ისლამური სახელმწიფო” გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სისხლისღვრით ემუქრებიან.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ 16 ნოემბერს მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდების შექმნის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. იზორიას თქმით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, რომ აირკძალოს ეს საიტები.

 

”ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მიმართა თუ არა სასამართლოს სუს-მა ამ შუამდგომლობით, უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ასე უპასუხეს:
 
 
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, თუმცა იმავე ინტერვიუში ლევან იზორიამ განმარტა, რომ ამ პროცედურისთვის დრო იყო საჭირო”.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გამოძიება დაიწყო წალკის რაიონის სოფელ კოხტას იმამის, მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადების ფაქტზე.

 

გამოძიება ჯერ კიდევ იანვრის თვიდან მიმდინარეობს თამაზ ჭაღალიძის წინააღმდგაც, რომელმაც ფეისბუკით არაერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი