საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 5 აგვისტოს პრესკონფერენციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი [„პირველი არხი“] არ ესწრება.
პრეზიდენტის განცხადებით, მან უკვე მესამეჯერ მიიღო უარი „პირველი არხისგან“.
„სამწუხაროა, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ ვიტყვი, რომ ორი არხი არ ესწრება – მათი გადაწყვეტილებაა. აბსოლოტურად ყველა იყო დაპატიჟებული. [..] საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში.
ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ არ იქნებოდა ყველასთვის ღია ფორმატი. მეორეჯერ – ცალკე ინტერვიუე. მესამეჯერ, დღეს, რომელიც არის საყოველთაო ფორმატი… სამივეჯერ უარი მივიღეთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სტატიის გამოქვეყნების მომენტში, 21:18 საათისთვის, პრეზიდენტის პრესკონფერენცია არ გადაიცემა და არაა ნახსენები „მოამბის“ 21 საათის გამოშვებაში.








