ახალი ამბები

მარიხუანის მოხმარებისთვის მსჯავრდებულმა ათმა პირმა საპატიმრო დატოვა

17 ნოემბერი, 2015 • • 1421
მარიხუანის მოხმარებისთვის მსჯავრდებულმა ათმა პირმა საპატიმრო დატოვა

მსჯავრდებულები მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც საერთო სასამართლოებმა ხელახლა განიხილეს მათი საქმეები ახალი გარემოების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანის დაკავება.

 

საქმეში „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამარლომ განმარტა, რომ ”დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.” თუმცა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მარიხუანის დეკრიმინალიზაციას არ გულისხმობს, რადგან სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია  ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ის გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.

 

ბექა წიქარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რადგან არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის პირი „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“.

 

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია არის ჩადენილი ქმედებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და, შესაბამისად, სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ სასჯელს წარმოადგენს.

 

თავად ბექა წიქარიშვილს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დიდი ოდენობით (65 გრამი) მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე. ბექა წიქარიშვილის დაკავებას მოჰყვა მოქალაქეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო კამპანია ამ მუხლის შემსუბუქების მიზნით სახელწოდებით – “ბექა კრიმინალი არ არის”, რომელშიც დეპუტატებიც ჩაერთვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი