ახალი ამბები

ფედერიკა მოგერინი: ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში პოზიტიურ ნიშნებს ვხედავ

17 ნოემბერი, 2015 • • 1208
ფედერიკა მოგერინი: ვიზის ლიბერალიზაციის საკითხში პოზიტიურ ნიშნებს ვხედავ

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ სახეზეა ასოცირების ხელშეკრულების ეტაპობრივი განხორციელების პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ მხარები მზად არიან გააგრძელონ  საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში.

 

“ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ჩვენ ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ წარმატებით მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბევრ ეტაპობრივ მიზანს. ცხადია, აუცილებელია მუშაობის გაგრძელება დარჩენილი მიზნების მისაღწევად. როგორც ერთი კვირის წინ თბილისის ვიზიტის დროს აღვნიშნე, მართალია, მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სახეზეა პოზიტიური ტენდენციები,”- განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა სამომავალოდ თანამშრომლობისათვის და განაცხადა, რომ ვიზების ლიბერალიზაცია ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ეტაპობრივი მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ევროპაში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ასევე, მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებს. ის ახლო მომავალში თავად ეწვევა საქართველოს.

 

ფრედერიკა მოგერინი გასულ კვირას ასევე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თბილისში შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი