ახალი ამბები

სუსი ISIS-ის ქართულენოვანი ვებგვერდების აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

17 ნოემბერი, 2015 • 1406
სუსი ISIS-ის ქართულენოვანი ვებგვერდების აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

საუბარია ვებგვერდებზე, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” საქმიანობას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში დადებით კონტექსტში აშუქებს. სწორედ ამ ვებგვერდზე ვრცელდება საქართველოდან, სავარაუდოდ, სირიაში წასული მებრძოლების მიმართვები:


“აქ მხოლოდ ერთ ვებგვერდზე არ არის ლაპარაკი, არსებობს სხვა ვებგვერდებიც. სხვათა შორის, გამოძიება დაწყებულია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვახორციელებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით… ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის აქტიური მომხმარებელი, მაგრამ ახლო მომავალში, ბუნებრივია, ჩვენ წარვსდგებით შუამდგომლობით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებგვერდები აიკრძალოს”, – განაცხადა იზორიამ.


მისი თქმით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ოპერატიული ინფორმციის მოპოვების მიზნით გარკვეული პერიოდით მსგავსი ვებგვერდების არსებობა მიზანშეწოცნილიც იყო ინფორმაციის დადგენისა და დაზუსტების თვალსაზრისითი. მისივე თქმით, ახლა უკვე არსებობს საფუძველი, რომ გარკვეული პირების სამართლებრივი დევნაც დაიწყონ.


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დასჯადია საჯაროდ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა. საუბარია ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდებაზე ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ, ასევე საჯაროდ ტერორისტული საქმიანობის ან ტარორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა, რამაც შესაძლოა გამოწვიოს ტერორისტული საქმიანობის განხორციელების საფრთხის დადგომა.


 

მაშინ, როდესაც ზემოხსენებულ საკანონმდებლო ჩანაწერს იღებდნენ პარლამენტში, ნეტგაზეთის შეკითხვას, დააკავებენ თუ არა ადამიანს, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერს, რომ მხარს უჭერს, მაგალითად, “ისლამურ სახელმწიფოს”, ლევან იზორიამ ასე უპასუხა:

 

 

 

“საერთაშორისო პრაქტიკაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ გამოაქვეყნეს ნახატი, სადაც ასახული იყო 2001 წლის ნიუ იორკის ტერაქტი და მინაწერი “აი, განხორციელდა ის, რასაც ველოდი”. ამ მოქალაქეს წინააღმდეგ სამართალდამცავმა უწყებებმა მიიღეს შესაბამისი ზომები, რადგან მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა. მან გაასაჩივრა. განხილვა გაიმართა სტრასბურგში და სასამართლო დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ეს სწორადაც რომ მხარდაჭერა იყო… მართალია, ირიბი, თუმცა მაინც. მე ძალიან კონკრეტული მაგალითი გითხარით, აქედან გამომდინარე ასეთი ფორმის მხარდაჭერაც იქნება დასჯადი”, – აცხადებს იზორია ჩვენთან საუბარში.

 

 

 

კანონში კიდევ ერთი ჩანაწერია: უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან ან მონაწილეობასთან დაკავშირებული მასალის ან სიმბოლიკის გავრცელება და გამოყენებაც უნდა დაისაჯოს პატიმორბით. 


მასალების გადაბეჭდვის წესი