ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს 19 ნოემბერს წარადგენს

16 ნოემბერი, 2015 • • 1008
იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის სამ კანდიდატს 19 ნოემბერს წარადგენს

კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთი ქალი უნდა იყოს. საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს.

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მთავარი პროკურორობის კანდიდატის შესახებ ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დაასრულა. თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები პოსტზე წარდგენილ ყველა კანდიდატთან გამართა.

 

12 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი შეხვდა ქუთაისის უნივერსიტეტის კანდიდატ ვლადიმერ გაბრიჩიძეს; ოფიცერთა კავშირისა და მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციის მიერ დასახელებულ კანდიდატ ლენა კაპანაძეს; კოტე ჭილაიას, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა თავად წამოაყენა.

 

13 ნოემბერს თეა წულუკიანი შეხვდა პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს, ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.

 

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა 2/3-ისა. საპროკურორო საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ნიშნავს მთავრ პროკურორს.

თეა წულუკიანი. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო
თეა წულუკიანი. ფოტო – იუსტიციის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი