ახალი ამბები

როიტერი: პარიზში ტერორისტული აქტის მოწყობის ბრძანება, სავარაუდოდ, აბდელჰამიდ აბააუდმა გასცა

16 ნოემბერი, 2015 •
როიტერი: პარიზში ტერორისტული აქტის მოწყობის ბრძანება, სავარაუდოდ, აბდელჰამიდ აბააუდმა გასცა

The Independent ასევე წერს, რომ, სავარაუდოდ, პარიზის ტერაქტების უკან სწორედ 27 წლის აბდელჰამიდ აბააუდი დგას და ფრანგული მედიის ინფორმაციით,  “ISIS–ის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ჯალათია”.


გარდა ამისა, როიტერის ინფორმაციით, ბელგიის პოლიციამ უკვე დააკავა სალაჰ აბდესლამი, რომელიც განცორციელებულ ტერაქტებში მთავარ ეჭვმიტანილად გამოაცხადა, თუმცა სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.


BBC-ის ცნობით, სალაჰ აბდესლამმა, სავარაუდოდ, იქირავა მანქანა, რომელიც ბატაკლანის საკონცერტო დარბაზის მახლობლად იპოვეს. ბატაკლანში 13 ნომებრს 89 ადამიანი დაიღუპა.

ევაკუაცია საკონცერტო დარბაზიდან. ფოტო: EPA/YOAN VALAT
ევაკუაცია საკონცერტო დარბაზიდან. ფოტო: EPA/YOAN VALAT

 

საფრანგეთის პრემიერ–მინისიტრმა, მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი თავდასხმები სწორედ სირიაში დაიგეგმა. მან ასევე ისაუბრა იმ ღონისძებებზე, რომლებიც საფრანგეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ტარდება.

 

“ჩვენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ვკითხავთ ადამიანებს, რომლებიც რადიკალურ ჯიჰადისტურ მოძრაობაში მონაწილეობენ,  და მათ, რომლებიც მხარს უჭერენ საფრანგეთის სიძულვილს,”–აღნიშნა მან. 

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს იარაღის დიდი რაოდენობა და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

 

ამავდროულად, საფრანგეთის სამხედრო ძალებმა 20 ავიდარტყმა განახორციელეს სირიის ქალაქ რაქაში “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტული დაჯგუფების ბოევიკების პოზიციებზე. საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ებრძვის ტერორისტთა არმიას და არა ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას.

 

BBC–ის ინფორმაციით, უკანასკნელი მონაცემებით, 129 ადამიანი დაიღუპა და 352 დაშავდა პარიზში 13 ნოემბერს ბარებსა და რეზტორნებში, საკონცერტო დარბაზსა და “სტად დე ფრანსზე” მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შედეგად. 7 ტერორისტი მოკვდა, მათმა უმეტესობამ თავი აიფეთქა.


თურქეთის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ მათ ჩაშალეს ტერორისტების გეგმა სტამბულში თავდასხმების განხორციელების შესახებ იმავე დღეს, როდესაც პარიზში მოხდა ტერორისტული თავდასხმები. პოლიციამ პარასკევს სტამბულში დააკავა 5 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ ISIS–ის მებრძოლთან, “ჯიჰად ჯონთან” დაახლოებული პირები იყვნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი