„მთავარი არხის“ განცხადებით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მოხდა.
„მთავარი არხის“ განცხადებით, ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ, დაზიანდა არხის კუთვნილი ტექნიკაც:
„ამ წუთებში ლადო მენაბდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. „ოცნების” ტიტუშკები სოფელ სუფსაში “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ჩვენი არხის ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას რამდენიმე კაცი დაუპირისპირდა. დააზიანეს “მთავარი არხის” კუთვნილი ტექნიკაც“, — ვკითხულობთ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც „ნეტგაზეთს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომლის კომპეტენციაცაა ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყეს (სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე).
მათივე თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი და ოპერატორი გმაოკითხვაზე სამსახურის აჭარის ოფისში არიან დაბარებული.