“აფსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა 17 აგვისტომდე დააკავა. ის ეჭვმიტანილია იარაღის გამოყენებით განხორციელებულ ხულიგნობაში.
ადლეიბა ეჭვმიტანილია აფხაზეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ხულიგნობა, ანუ საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, საზოგადოების აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა, ჩადენილი იარაღის ან იარაღად გამოყენებული საგნების გამოყენებით).
“კავაკაზსკი უზელის” ინფორმაციით, აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ 2022 წლის ზაფხულში სოხუმში შიმშილობა გამართა საწვავის ფასების შემცირებისა და აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის აკრძალვის მოთხოვნით. მის მიერ გამართულ ერთ-ერთ აქციას რამდენიმე აქტივისტი შეუერთდა. ადლეიბამ არაერთხელ მოითხოვა “მთელი მთავრობის, ხელისუფლების ყველა შტოს – აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლოს გადადგომა”.
2024 წლის მარტში მან სოხუმის მოედანზე მორიგი შიმშილობა მოაწყო და მოითხოვა აფხაზეთის პრეზიდენტის [დე ფაქტო] ასლან ბჟანიას გადადგომა საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობის გამო.
ადრე ადლეიბამ გამოაცხადა საკუთარი სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის “ახაკუიტრას” (თავისუფლება) შექმნის შესახებ. ადლეიბამ მოძრაობის მთავარ ამოცანად ბჟანიას ხელისუფლებისგან ჩამოშორება გამოაცხადა. თუმცა მოძრაობის პირველი საპროტესტო აქციაზე მცირე რაოდენობის ხალხი მივიდა.
“კავკაზსკი უზელის” მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ადლეიბას მოძრაობას არ გააჩნია პოლიტიკური პოტენციალი.
სოხუმში ეგრეთ წოდებულმა დეპუტატებმა ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 17 ივლისს გაიმართა, პარლამენტს [დე ფაქტო] გაუწიეს რეკომენდაცია, განიხილონ კანონპროექტი აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ეკონომიკური განვითარების ღონისძიებების შესახებ, რომელიც “აპარტამენტების შესახებ” კანონის შეცვლილი ვერსიაა. აქტივისტები, პრესა და პარლამენტის [დე ფაქტო] რამდენიმე წევრი შეხვედრაზე არ შეუშვეს, ისინი შენობასთან რჩებოდნენ და პერიოდულად მიმდინარეობდა დაპირისპირებები უშიშროების ძალებთან.