ახალი ამბები

„საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს” — სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

23 ივლისი, 2024 •
„საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს” — სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკი კონგრესში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსმენაზე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს და ერთი მხრივ, დასავლეთს ესხმის თავს, მეორე მხრივ კი, ამომრჩევლებს ატყუებს, რომ კვლავ ევროკავშირის წევრობის გზაზე დგანან:

„საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს. ცდილობს, ერთი მხრივ, აკრიტიკოს ამერიკის შეერთებული შტატები დ ევროკავშირი, მეორე მხრივ კი, ამის პარალელურად ხალხს უთხრან, რომ კვლავ ევროკავშირის წევრობის გზაზე დგანან, რაც საღ აზრს მოკლებულია.

ვფიქრობ, ჩვენი, როგორც საერთაშორისო საზოგადოების ვალია, ამომრჩევლებისთვის ცხადი გავხადოთ, რომ გზა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ადგას, არ მიდის ევროატლანტიკური მომავლისკენ, რაც ქართველ ხალხს სურს“, — განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტის წინაშე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები წარდგნენ და ქვეყნებში მიმდინარე პროცესები შეაფასეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშუა ჰაკმა მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და რისკის ქვეშ დააყენა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა რუსული კანონის მიღებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამგვარი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას ახდენს და მათი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობასა და ზეწოლას ახალისებს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციულ განცხადებებსა და მტრულ რიტორიკაზე აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდნენ.

„ჩვენ ვრჩებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერად, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი ზეწოლისა და შევიწროების წინაშეა და აქტიურად ვუჭერთ მხარს მათ მცდელობას, უზრუნველყონ ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩატარება“ ,— განაცხადა ჯოშუა ჰაკმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილემ ალექსანდრე სოკოლოვსკიმ კი აღნიშნა, რომ 1992 წლიდან დღემდე საქართველოს USAID-სგან დაახლოებით 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება აქვს მიღებული დემოკრატიული ინსტიტუციების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად.

ალექსანდრე სოკოლოვსკის განცხადებით, რუსული კანონი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს ატარებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა ორი ქვეყნის კავშირებზე და მათი პარტნიორობის ტრაექტორიაზე:

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა სააგენტოში ჩვენ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებების ძირეული გადახედვის პროცესში ვართ“, – აღნიშნა სოკოლოვსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი