ახალი ამბები

ღარიბაშვილმა და სლოვაკეთის პრემიერმა ვიზების ლიბერალისაციასა და ევრონტეგრაციაზე ისაუბრეს

13 ნოემბერი, 2015 • 964
ღარიბაშვილმა და სლოვაკეთის პრემიერმა ვიზების ლიბერალისაციასა და ევრონტეგრაციაზე ისაუბრეს

ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული საკითხები განიხილეს.  ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობაზე; აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა და გამოითქვა რესურსების ამოქმედებისა და თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენების იმედი.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დასაფასებელია  სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წვლილი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში.

გარდა ამისა, ადმინისტრაციის ცნობით, რობერტ ფიცომ კიდევ ერთხელ დაადასტურა  სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ხაზი გაუსვა ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროული დასრულების მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. ორი ქვეყნის ლიდერებმა ისაუბრეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, მნიშვნელობასა და მისი მანდატის შენარჩუნების აუცილებლობაზე. ასევე, ადმინისტრაციის ცნობით, რობერტ ფიცომ, სლოვაკეთის მთავრობის სახელით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

 

საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და რობერტ ფიცო. ფოტო – პრემეირის ადმინისტრაცია
საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და რობერტ ფიცო. ფოტო – პრემეირის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი