ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 12 ნოემბერს არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და დაკავებულებს – ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძესა და კახაბერ გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუტოვა. მათ ბრალად პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფანიძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედებათ. 5 ოქტომბერს მათ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით აქვთ წაყენებული.
“გვსურს, ჩვენი სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა პატრიოტებს და მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადოთ სამოქალაქო სიმამაცისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ჩვენი საერთო გამარჯვებით – რუსთავი 2 კვლავ იდგება სიტყვის თავისუფლების სადარავიჯოზე, რაც მრავალთა შორის, მათი დამსახურებაც არის. გვინდა გამოვთქვათ რწმენა, რომ ნიკოლოზ ნარსიას, მირიან დეისაძის და კახაბერ გაბუნიას პატიმრობა მხოლოდ დროებითია და ისინი მალე შეუერთდებიან საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს. აქვე მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მოახდინონ დაკავებული პირების პატიმრობაში ყოფნის კანონიერებისა და დასაბუთებულობის მონიტორინგი და მიმართონ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა შეწყდეს თავისუფალი მედიისთვის მებრძოლი პატრიოტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.