ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი “პატრიოტთა ალიანსს” მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტონ

12 ნოემბერი, 2015 • 1058
პრემიერ–მინისტრი “პატრიოტთა ალიანსს” მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტონ

ღარიბაშვილი ავრცელებს განცხადებას, სადაც ამბობს, რომ შუალედური არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა და ორივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა. მისივე თქმით, იგი თვალყურს მიადევნებს პროკურატურაში საგარეჯოს ოლქში შესაძლო დარღვევებთან დაკავშორებით “პატრიოტთა ალიანსის” მიერ პროკურატურაში შეტანილ საჩივარს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

“აღსანიშნავია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შეძლო შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, თამარ ხიდაშელისთვის რეალური ოპონირება გაეწია. ფაქტია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური გარემო ღია და კონკურენტული გახდა. ეს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის დამატებითი ფაქტორია, რომ ოპონირების პირობებში გაორმაგებული ძალისხმევით იმუშაოს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ასევე, მიმაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა გაუმჯობესებას და დახვეწას საჭიროებს, რაზეც მიმდინარეობს კიდეც მუშაობა. იმედი მაქვს, ამ პროცესში ყველა პოლიტიკური ძალა კონსტრუქციულად ჩაერთვება და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში საკუთარ წვლილს შეიტანს, რათა ყველამ ერთად მივიღოთ ისეთი სტანდარტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

 

მინდა მივმართო „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს, შეწყვიტონ პროტესტის ეს რადიკალური ფორმა და საარჩევნო კანონმდებლობასთან თუ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, გააგრძელონ ოპონირება,” – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში


პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები, მათ შორის, ირმა ინაშვილი უკვე მეხუთე დღეს, მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობენ. ისინი მოითხოვენ, რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და გადადგნენ მინისტრები – ხიდაშელი და აგულაშვილი, რომლებმაც, მათი განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნები გააყალბეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი