ახალი ამბები

აღსრულების ბიურო: ნამაზოვების ოჯახმა აღსრულების პოლიციელებზე ხელკეტებით ძალადობა სცადა

12 ნოემბერი, 2015 •
აღსრულების ბიურო: ნამაზოვების ოჯახმა აღსრულების პოლიციელებზე ხელკეტებით ძალადობა სცადა

ოჯახის ადვოკატი ოთარ სუხაშვილი კი ნეტგაზეთთან მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით,  აღსრულების ბიუროს პოლიციელებმა ოჯახის წევრი, 75 წლის ეთარ ბილნადქილდი წააქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გუშინ ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ადვოკატის თქმით, ასევე მიწაზე წააქციეს და ხელბორკილები დაადეს ოჯახის წევრს, მანსურ ნამაზოვს, რომელიც შემდგომში პოლიციაში დასაკითხად გადაიყვანეს.


აღსრულების ეროვნული ბიურო ნეტგაზეთს ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხობს, რომ პოლიციელების მხრიდან ეთარ ბილნადქილდიზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


“პირიქით, მოვალის ოჯახის წევრებმა თანმხლებ პირებთან ერთად სცადეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებზე ძალადობა (მათ შორის ხელკეტებით) და მათზე კანონით დაკისრებული ვალდებულების განხორციელებაში  ხელშეშლა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვალის ოჯახის წევრებმა თანასოფლელებთან ერთად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს, რაზეც გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. აღსანიშნავია, რომ პოლიციასთან ერთად იმყოფებოდა კრედიტორის („ფინკა ბანკი“) ორი წარმომადგენელი. აღიძრა სისხლის სამართლის  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე  მიმდინარეობს გამოძიება 4 პირის წინააღმდეგ. ერთი პირის – მანსურ ნამაზოვის მიმართ კი გუშინ მოსამართლემ უკვე გამოიტანა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება,”– აღნიშნულია პასუხში, რომელიც ნეტგაზეთმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიიღო. 

 

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ გახდა საჭირო აღსრულების პოლიციელების შესვლა ნამაზოვებთან, ბიურო განმარტავს, რომ მათთან მოვალე ნამაზ ნამაზოვის, მახატ მამედოვისა და მუსა ნამაზოვის საქმესთან დაკავშირებით წარმოება დაიწყო   2015  წლის  15 სექტემბერს. საქმეში კრედიტორი ფინკა ბანკი საქართველოა, დავალიანება კი 10943.97 ლარს შეადგენს.


ბიუროს განმარტებით, საქმის წარმოების ფარგლებში მოვალეებს ვალდებულების ნებაყოფლობით  შესრულების შესახებ გაფრთხილება ორჯერ, 2015 წლის 16 სექტემბერსა და 21 სექტემბერს გაუგზავნეს; მოიძიეს ქომება საჯარო რეესტრში, დააყადაღეს და შეაფასეს.  2015 წლის 11 ნოემბერს   ქვემო   ქართლის  სააღსრულებო  ბიუროს აღმასრულებელი   და  აღსრულების  პოლიციელები  მივიდნენ ნამაზოვების ოჯახში, რათა განეხორციელებინათ  კანონით გათვალისწინებული პროცედურები –  მოძრავი  ნივთების აღწერა,  დაყადაღება  და გამოტანა.


“მოვალის ინტერესების გათვალისწინებით  აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აწარმოა კრედიტორთან  მოლაპარაკება და მიაღწია შეთანხმებას, რომლის შედეგადაც, თანხის გადახდის შემთხვევაში, არ  გაგრძელდებოდა  იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები. თუმცა, ამის მიუხედავად, მოვალემ თანხმლებ პირებთან ერთად აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციელებს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა,”–აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი