ახალი ამბები

EMC კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რამდენიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

12 ნოემბერი, 2015 •
EMC კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ რამდენიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

EMC–ის განცხადებით, საქმე ეხება ნორმებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა მოსამართლის ნებართვის გარეშე განხორციელდეს:

 

ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, ფარული კინო და ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება; აგრეთვე, ელექტრონული თვალთვალი (მათ შორის, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხებიდან) კავშირის ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით.

 

EMC აცხადებს, რომ ეს სამართლებრივი რეგულირება ეწინააღმდეგება პიროვნების თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრებისა და სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს (კონსტიტუციის მე-16, მე-20 და 42-ე მუხლები). EMC-ის მიაჩნია, რომ ფარული მეთოდების გამოყენებისას სასამართლო კონტროლის არარსებობა აჩენს შესაბამისი სამსახურების მხრიდან თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკს და აზრს უკარგავს კონსტიტუციური დაცვის გარანტიებს.

 

EMC განმარტავს, რომ  კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანიც არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამდენად, მათივე განცხადებით, ეს კონტრდაზვერვითი საქმიანობა განსხვავდება სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიებისგან, რამდენადაც მისი ძირთიადი მიზანი არა გამოძიება, არამედ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და საფრთხეების თავიდან აცილებაა;  შესაბამისად, “კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” კანონი არეგულირებს ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერის, ასევე, ფარული მიყურადების ისეთ ფორმებს, რომლებიც გამოიყენება კონტრდაზვერვითი და არა საგამოძიებო მიზნებისთვის.

 

“მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, მოსამართლის ნებართვის არარსებობისას ნებისმიერი პირი  შესაძლოა გახდეს ფუნდამენტური უფლებების ხელყოფის მსხვერპლი, რამდენადაც კონტრდაზვერვით სამსახურებს არ აქვთ სასამართლოს წინაშე ღონისძიების დასაბუთების ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ ფარული ღონისძიებების შემთხვევაში, პირმა არ იცის, რომ მის მიმართ უფლებაშემზღუდავი ქმედება ხორციელდება. შესაბამისად, არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ამდენად, პირი დარჩენილია ძირთადი სამართლებრივი გარანტიების გარეშე,”– აცხადებს  EMC.

 

EMC
EMC

მასალების გადაბეჭდვის წესი