ახალი ამბები

ნიკა გვარამიას და კახა დამენიას რუსთავი 2–ში უფლებამოსილებები აღუდგათ

12 ნოემბერი, 2015 •
ნიკა გვარამიას და კახა დამენიას რუსთავი 2–ში უფლებამოსილებები აღუდგათ

სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ‘’ტელეკომპანია საქართველოს’’ წარმომადგენლების საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.


სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია- სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს ‘’სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა.


დროებითმა მმართველებმა – დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.


სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი,  რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში იქმნება ვაკუუმი შპს ‘’სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ‘’ტელეკომპანია საქართველოს’’ წარმომადგენლების საჩივარი და  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს- ყოფილ მენეჯმენტს.  

აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი