ახალი ამბები

იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საიას განცხადება ომარ როდონაიას დევნილის სტატუსის შესახებ

12 ნოემბერი, 2015 • 1109
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საიას განცხადება ომარ როდონაიას დევნილის სტატუსის შესახებ

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, ომარ როდონაიას არასოდეს მიუმართავს დევნილის სტატუსის მოთხოვნით სამინისტროსთვის, შესაბამისად, მას არა აქვს დევნილის სტატუსი, ამიტომაც კანონმდებლობით არადევნილის ბინით უზრუნველყოფას სამინისტრო ვერ განახორციელებს. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ომარ როდონაიას მდგომარეობას სამინისტროს ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომლები შეისწავლიან. 

 

ომარ როდონაიას სამართლებრივ დახმარებას  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი უწევს. ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, როდონაიას უარი უთხრეს დევნილის სტატუსის დადგენაზე. 

 

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ ომარ როდონაიამ 2015 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას, რომელიც განიხილავს დევნილის სტატუსის დადგენის განცხადებებს.

 

წარმომადგენლობამ მას უარი უთხრა დევნილი სტატუსის დადგენის თაობაზე. აღნიშნული უარი ომარ როდონაიამ საიას აჭარის ფილიალის დახმარებით გაასაჩივრა სასამართლოში აგვისტოში და მას შემდეგ ველოდებით სასამართლო სხდომის დანიშვნას. სამწუხაროდ, საქმის გაჭიანურება ნეგატიურად მოქმედებს ომარ როდონაიას მდგომარეობაზეც, ვინაიდან სტატუსის დაუდგენლობა მას ართმევს შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ სოციალური პროგრამებით, რომლებიც დადგენილია დევნილებისთვის. ხოლო სოციალურად დაუცველის დახმარება, რომელსაც იგი იღებს სახელმწიფოსგან, არ არის საკმარისი ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კანონიერად ეთქვა უარი დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, ამაზე სასამართლო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დევნილის სტატუსზე უარის გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან იმ მტკიცებულებებს, რომელიც ომარმა წარუდგინა ადმინისტრაციულ ორგანოს, არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება,” – განაცხადა “ბათუმელებთან” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ხიმშიაშვილმა.  

 

ომარ როდონაია
ომარ როდონაია

მასალების გადაბეჭდვის წესი