ადვოკატის თქმით, როგორც ნამაზოვებმა მას განუმარტეს, ოჯახის ერთ–ერთ წევრს ბანკის ვალი ჰქონდა და გუშინ, 11 ნოემბერს სააღსრულებო ბიუროს პოლიციის თანამშრომლები მათ სახლში შევიდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, აღსრულების პოლიციელებმა ოჯახის წევრი, 75 წლის ეთარ ბილნადქილი წააქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გუშინ ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ადვოკატის თქმით, ასევე მიწაზე წააქციეს და ხელბორკილები დაადეს ოჯახის წევრს, მანსურ ნამაზოვს, რომელიც შემდგომში პოლიციაში დასაკითხად გადაიყვანეს.
“აგინებდნენ ამათ, ძალიან უხეშად ექცეოდნენ,”– ამბობს ადვოკატი. მისივე თქმით, ამის შემდეგ მანსურ ნამაზოვის ძმა იძულებული გახდა, რომ პოლიცია გამოეძახა, პოლიციის მოსვლის შემდეგ კი სიტუაცია განეიტრალდა.
ადვოკატ ოთარ სუხაშვილის თქმით, თავდაპირველად მანსურ ნამაზოვი გადაიყვანეს პოლიციაში და ადმინისტრაციული წესით 200 ლარით დააჯარიმეს, შემდეგ კი ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, მისი თქმით, გუშინვე მარნეულის პოლციაში დაკითხეს თავად აღსრულების პოლიციელებიც, რომლებიც თავიანთ ჩვენებებში ამბობდნენ, რომ ნამაზოვებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
ადვოკატის თქმით, თავად ნამაზოვის ოჯახი წინააღმდეგობის გაწევას გამორიცხავს. ასევე, ადვოკატი ვარაუდობს, რომ ისინი ვერ გაერკვნენ, თუ რა ხდებოდა, რადგანაც აღსრულების პოლიციას თარჯიმანი არ ჰყავდა:
“როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მათი მხრიდან არანაირი წინააღდმეგობის გაწევა არ ყოფილა. წინააღმდეგობის გაწევა როგორ იქნებოდა, შეიძლება ვერ გაერკვნენ. აზერბაიჯანულენოვანი ოჯახია, ქართული არ იციან,”– ამბობს ის.
ადვოკატის თქმით, მომხდართან დაკავშირებით მათ დღეს უკვე შეიტანეს განცხადება როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე მთავარი პროკურორის სახელზე.
ნეტგაზეთთან ოთარ სუხაშვილი აცხადებს, რომ აღსრულების 30–35 თანამშრომელი იყო ნამაზოვებთან მისული და ოჯახმა არ იცის იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც, მათივე თქმით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს აცნობეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
ნეტგაზეთმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეკითხვებით წერილობით მიმართა, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ადვოკატის მიერ მოთხრობილ ფაქტებს და კონკრეტულად ვინ გაუწია წინააღმდეგობა აღსრულების პოლიციას. ბიუროს. პასუხს ნეტგაზეთი საპასუხო წერილის მიღებისთანავე გაგაცნობთ.




