სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლითიუმის მიყიდვისას, ჩინურთან შედარებით, უპირატესობას ევროპულ კომპანიებს მიენიჭებათ.
კერძოდ, სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინელ ავტომწარმოებლებთან შედარებით, ელექტროავტომობილების ბატარეებისთვის ლითიუმის შეძენისათვის უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ევროპელ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა: Mercedes-Benz-ს, Volkswagen-სა და Stellantis-ს.
ელექტროავტომობილების ბატარეებისთვის ლითიუმის შეძენის შესაძლებლობა ევროპულ კომპანიებს მიენიჭება, რადგან სერბეთი უპირატესობას ანიჭებს ევროპელებს ჩინელ ავტომწარმოებლებთან შედარებით – სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სურთ ევროკავშირთან ურთიერთობები გაამყარონ.
„ევროკავშირს სჭირდება ლითიუმი, ჩვენ კი გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან“, – განუცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-ს ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ჩინელმა ავტომწარმოებლებმაც გამოთქვეს ინტერესი, სერბეთისგან ლითიუმი შეეძინათ, მაგრამ „სერბეთი ამ საკითხს ევროპელებთან განიხილავს, რადგან ისინი ევროპის ერთგულნი არიან”.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარასკევს სერბეთში ვუჩიჩთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება, სადაც ძირითადი თემა იქნება ელექტრომანქანებისთვის ბატარეების მიწოდების სქემის შექმნა. ვუჩიჩი, ასევე, ხელს მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ შექმნის შესახებ.
სერბეთმა აღადგინა 2 წლის წინ გაუქმებული ლიცენზია Rio Tinto-სთვის, ევროპის ყველაზე დიდი ლითიუმის მაღაროს განვითარების მიზნით ევროპაში ელექტრომობილების ინდუსტრიის გასაძლიერებლად.
ვუჩიჩმა Handelsblatt-ს განუცხადა, რომ სერბეთი წლიურად 58 000 ტონა ლითიუმის მოპოვებას გეგმავს, რაც დაახლოებით 1,1 მილიონი ელექტრომობილისთვის არის საკმარისი. ეს რაოდენობა ევროპული ბაზრის დაახლოებით 17%-ია.
როგორც სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლითიუმის შემდგომი დამუშავება სერბეთში დაიწყება და ბატარეების დიდი ნაწილიც სერბეთში დამზადდება.
ათ წელზე მეტია, სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია. პროცესის შეჩერების მიზეზი კანონის უზენაესობა, კორუფცია და სერბეთის ყოფილი პროვინციის, კოსოვოს სტატუსის შესახებ შეშფოთება გახდა. სერბეთი არის ერთ-ერთი იმ ორი ევროპული ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.