უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყურადღება არ უნდა მიაქციონ იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ევროპაში ცდილობენ, საკითხები სხვის ზურგს უკან გადაწყვიტონ.
ამის შესახებ მან დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა და სავარაუდოდ, ამით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ევროპაში ერთიანობა მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობის შესანარჩუნებლად.
„ჩვენ შევინარჩუნეთ ერთიანობა ევროპაში და ერთად ვმოქმედებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს – მან ვერ შეძლო ევროპაში განხეთქილების შეტანა. რაც უფრო მომთხოვნი იქნება ევროპა ამ ერთიანობის შენარჩუნების მიმართ, მით უფრო ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველვყოფთ.
პუტინი ვერ შეინარჩუნებს ურთიერთობას ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ უპირატესობად რჩება მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ვართ ერთიანი. ის შეიძლება შეეცადოს თქვენთან დაახლოებას, ან ინდივიდუალურად წავიდეს თქვენს ზოგიერთ პარტნიორთან, შეეცადოს თქვენს გადაბირებას, ზეწოლას, დაშანტაჟებას, რათა ერთ-ერთმა თქვენგანმა უღალატოს დანარჩენებს – დაასუსტოს ჩვენი ერთობა.
რა თქმა უნდა, ყველა თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს და რა მემკვიდრეობა დატოვოს. მაგრამ თუ ვინმე ევროპაში ცდილობს სხვის ზურგს უკან ან თუნდაც სხვის ხარჯზე გადაჭრას საკითხები, თუ ვინმეს სურს ომის დედაქალაქში იმოგზაუროს, ისაუბროს და შესაძლოა, დაჰპირდეს რაიმეს ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ ან უკრაინის, ან სხვა ქვეყნების ხარჯზე, მაშინ რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ ადამიანს?
ევროკავშირს და ნატოს ასევე შეუძლიათ თავიანთი საკითხების გადაჭრა ამ ერთი ინდივიდის გარეშე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პირველ ივლისს უნგრეთი როტაციის წესით 6 თვის ვადით გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვიქტორ ორბანი თავის მიზნად სამშვიდობო მისიას ისახავს. ამ მიზეზით, 2012 წლის შემდეგ პირველად, 2 ივლისს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შემდეგ კი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. კიევისა და მოსკოვის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შემდეგ კი აშშ-ში ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა.