ახალი ამბები

პარლამენტის შუამდგომლობა რუსთავი 2–ის საქმეზე ორი მოსამართლის აცილებაზე არ დააკმაყოფილეს

11 ნოემბერი, 2015 •
პარლამენტის შუამდგომლობა რუსთავი 2–ის საქმეზე ორი მოსამართლის აცილებაზე არ დააკმაყოფილეს

საქართველოს პარლამენტი ტელეკომპანია “საქართველოსა” (რომელის რუსთავი 2–ის ერთ–ერთი პარტნიორია და ყარამანიშვილები ფლობენ) და რუსთავი 2–ის საკონსტიტუციო სარჩელებზე მოსამართლეების, მაია კოპალეიშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2–ის მიმართ მიკერძოებულნი იქნებიან. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ამის შემდეგ პარლამენტის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმე პლენუმს გადაეცეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე ჯერ არ მიუღია. 

 

დღეს, 11 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს განმწესრიგებელი სხდომა 681 -ე (მოსარჩელე –  შპს „ტელეკომპანია საქართველო“;  მოპასუხე –  საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი  –  სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება)  კონსტიტუციურ სარჩელზე. ჯერ არ გამხდარა ცნობილი, მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში ამ საქმეს. 

 

 

“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის  გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლიის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.


 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მათ საფუძველზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის არც სახე, არც ინტენსივობა და არც შინაარსი კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული. მათ შორის, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე ისე, რომ ჯერ კიდევ ძალაში არ იყოს შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება,” – განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი