ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გააძევა, რომელმაც ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა გაავრცელა.
დეპარტამენტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მცხოვრები 59 წლის თემურ ხომასურიძე 13 ივლისს სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] სასაზღვრო ორგანოებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
“დადგინდა, რომ ხომასურიძემ საქართველოსთან რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ცხინვალის რეგიონის აძისარის დასახლების მიმდებარედ განზრახ გადაკვეთა. 15 ივლისს ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და დაისაჯა ჯარიმითა და ადმინისტრაციული გარიცხვით”, – აცხადებენ კომიტეტში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის განცხადებით, სამშაბათს მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას დადგენილი წესით გადაეცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“:
„ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას,“ — ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.