ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი
აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა თანამდებობა რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების გამო დატოვა
აფხაზეთის ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზი გახდა რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მინისტრთა კაბინეტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში რუსული ტურისტული კომპანიებისა და გიდების მუშაობაზე შეზღუდვების სრულ მოხსნას. ამჟამინდელი კანონით, უცხოელებს ეკრძალებათ ექსკურსიის განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე.
გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ხელშეკრულება ხელმოწერისთვის მზადდება, აფხაზეთის ტურისტული საზოგადოება აღაშფოთა.
ტურისტული სააგენტოების თანამშრომლები, ინდმეწარმეები და გიდები გაერთიანდნენ და აქტიური პროტესტი გამოხატეს. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელთა სხვადასხვა ასოციაციები, პროფკავშირი, გიდების ასოციაცია და აფხაზეთის ტურიზმის გაერთიანება “ტურიზმის შესახებ” მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით ერთიან შტაბში გაერთიანდნენ, რათა თავიდან აიცილონ აფხაზეთის ტურისტული ბაზრის ათვისება უცხოური ტუროპერატორების მიერ.
შტაბის მიზანია მთავრობის ინიციატივებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომ არ დაიშვას ექსკურსიები აფხაზეთის არარეზიდენტებისთვის.
თუ ვიმსჯელებთ იმ ოფიციალური შეტყობინებებით, რომლებსაც ტურიზმის კავშირი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს, შტაბში 1000-ზე მეტი ტურისტული თანამშრომელია. მათ მოითხოვეს დეპუტატებისა და ტურიზმის მინისტრის მხარდაჭერა. მაგრამ მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ხიშბამ აფხაზეთის ტურისტულ საზოგადოებას საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა, როგორც ჩანს, საყვედური მიიღო ხელმძღვანელებისგან და მიხვდა, რომ მისი უფლებამოსილება არ იყო საკმარისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. შესაბამისად, უბრალოდ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.
შემდეგ კი, ადგილობრივი ტუროპერატორების ინიციატივით, პარლამენტმა გაფართოებულ შეხვედრაზე მოიწვია ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, ტურიზმის სამინისტრო და ტურიზმის ინდუსტრიის თანამშრომლები. გაირკვა, რომ ხელშეკრულების პროექტი, რომლის მიხედვითაც რუს გიდებს შეუძლიათ მიიღონ აფხაზეთში მუშაობის უფლება, ჯერ არ არის მზად, აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ გახმიანებული წინადადებების გათვალისწინებითა და აფხაზეთის მოქალქეების ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, შეიქმნა კომისია, რომელშიც შევიდნენ მოადგილეები, გიდები და იურისტები. მათ აიღეს ვალდებულება, შეემუშავებინათ დებულებები, რომლებიც შესაბამისობაში მოვიდოდა აფხაზეთის ინტერესებთან და მოერგებოდა აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესს, რომლის ფარგლებშიც საჭირო იყო ასეთი ცვლილებების შეტანა.
კრისტინა ოზგანის თქმით, რუსული მხარე უსამართლოდ მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე, ხშირ შემთხვევაში კი, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში მუდმივი რეგისტრაციით მცხოვრები აფხაზეთის მოქალაქეები იღებენ უფლებას, იმუშაონ გიდად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის მოქალაქეებს არ აქვთ ასეთი უფლება აფხაზეთში. ამ საკითხის გადასაჭრელად მთავრობებმა გადაწყვიტეს რუსებისთვის აფხაზეთში მუშაობის შეზღუდვის მოხსნა. მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს არც შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, არც აფხაზეთის მოსახლეობა და არც ბევრი სხვა სოციალური და დემოგრაფიული ფაქტორი.
აფხაზეთის პროფკავშირის წარმომადგენლის და პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ლინდა ამპარის განცხადებით, აფხაზეთში ტურიზმის სექტორში 30 000-მდე ადამიანია დასაქმებული. გიდად 700-ზე მეტი ადამიანია აკრედიტებული, მაგრამ მათგან მესამედზე მეტი არ არის დასაქმებული. როგორც ლინდა ამპარი ამბობს, აკრედიტებული გიდების უმრავლესობა სამსახურს ვერ პოულობს – ამ რაოდენობის საექსკურსიო ბიურო არ არის. ხოლო რუსი ტუროპერატორები, რომლებიც აწყობენ ერთდღიან ექსკურსიებს სოჭიდან აფხაზეთში, ადგილობრივ გიდებს არ ქირაობენ.
“რუსეთიდან არალეგალური გიდები ემსახურებიან მიკროავტობუსებითა და მინივენებით VIP ექსკურსიების 90%-ზე მეტს. თუ ამ გიდების მუშაობა დაკანონდება, მაშინ მთელი ტურისტული პროდუქტი ჩამოყალიბდება რუსეთში და აღარ იქნება აფხაზი ტუროპერატორების საჭიროება”, – ამბობს ლინდა ამფარი, – “აფხაზეთში უცხოელი გიდების ნებისმიერი საქმიანობა გამოიწვევს ისედაც მწირად დასაქმებული აფხაზი გიდების სრულ უმუშევრობას”.
მან შესთავაზა კოლეგებს, ერთად შეიმუშაონ პროგრამა რუსი კომპანიონების მხარდასაჭერად, რომლებიც ახორციელებენ საექსკურსიო საქმიანობას აფხაზეთში. დახმარება მოიცავს მეთოდოლოგიური პროგრამების მომზადებას, აფხაზეთში აკრედიტებული გიდების მოძიებას ადგილობრივი მოსახლეობიდან.
ლინდა ამპარის თქმით, რუსებს შეუძლიათ ლეგალურად იმუშაონ აფხაზეთში ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი წარუდგენს გიდს კომპანიას ან ინდივიდს, რომელიც აწყობს ექსკურსიებს რუსეთიდან აფხაზეთში.
“რუსებს არ სურთ ადგილობრივი მცხოვრებლების დაქირავება და სამუშაოსთვის დამატებით გადახდა. აგროვებენ ჯგუფებს და დამოუკიდებლად მიჰყავთ აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნის ფასი არის 3000 რუბლი.”
აფხაზეთის ტურიზმის გაერთიანების წევრები ყვებიან, თუ როგორ მონაწილეობდნენ რეიდებში, სადაც გიდები არალეგალი ემიგრანტები აღმოჩნდნენ.
“როდესაც ჩვენ იქ ვიყავით, მათ ჯარიმები დაუწერეს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა: 18 – 30,000 რუბლი (200-340 აშშ დოლარი), მაგრამ არავინ ადევნებდა თვალყურს გადახდას.
საზღვარზე არ გვაქვს მონაცემთა ბაზა; ამიტომ უკანონო გიდს 10 ჯარიმა მაინც რომ დაუგროვდეს, არავინ გაიგებს, გადაიხადა თუ არა. მათ უბრალოდ მიუფურთხებიათ ჩვენი კანონებისთვის”, – ამბობს ასტამური, მცირე ტურისტული სააგენტოს მფლობელი, რომელიც აფხაზეთის გარშემო ინდივიდუალურ ექსკურსიებს ატარებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ლაშა აშუბასა და დეპუტატების, დიმიტრი მარშანიასა და დაუთ ხუტაბას განცხადებით, ყველა საკითხი საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. “თუ “ალფარდზე” აფხაზეთში ექსკურსიების გავლა სურს, ადგილობრივი გიდი დაიქირაოს. არა უშავს, თუ პირობითი ოცი ათასის ნაცვლად, ჩვიდმეტს გამოიმუშავებს”, – ამბობს დეპუტატი ხუტაბა.
ამჟამად აფხაზეთში ტურიზმის მუშაკთა შტაბი ამუშავებს წინადადებებს რუსეთიდან ჩამოსული კოლეგებისთვის, ასევე იღებს ზომებს უკანონო გიდების უკანონო ქმედებებზე კონტროლის გამკაცრებისთვის.
ამასობაში, ტურისტული სეზონი აფხაზეთში გაჩაღებულია და ამ სფეროში დასაქმებულები ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ფული გამოიმუშაონ.