წერილში საბჭო აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში 10 ნოემბერს გავიდა გადაცემა „არაკორექტული შოუ“, რომელიც ძირითადად ეძღვნებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. წამყვანის მონოლოგი გაჯერებული იყო შეურაცხმყოფელი და უხამსი ლექსიკით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, „იკრძალება […] ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.“ გარდა ამისა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის თანახმად, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან“.
“როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მომდევნო გამოშვებებში შენარჩუნებული იქნება პირველ გადაცემაში არჩეული სტილი და ლექსიკა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეისწავლოთ გადაცემის შესაბამისობა როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან, ისე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან“ – აღნიშნულია საბჭოს მიერ GNCC-სთვის გაგზავნილ წერილში.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა „არაკორექტული შოუს“ ერთ-ერთ პროდიუსერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კომენტარი გადაცემის წარმომადგენლებს ჯერ არ გაუკეთებიათ.