“სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ის გადაწყვეტილება, ჩემი აზრითაც, საკმაოდ ნაჩქარევად იქნა მიღებული, ფორმულირებები, რომელიც იქ გაჟღერდა, საზოგადოებაში გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. მეც ვიზიარებ, რომ რაღაც საკამათო პუნქტებია თვითონ ამ დადგენილებაში გახმოვანებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, რომ კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად, გაჩნდა აგრეთვე ეჭვები, რამდენად მიუკერძოებელი ვარ ამ სასამართლოს მიმართ. იურისტები ამბობენ, რომ არ ვარ იმიტომ, რომ მხარე არ ვარ მონაწილე, მაგრამ რადგან ამაზეც ეჭვები არის, ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვთ მარტივად, რომ წავიდეს შემდეგ ინსტანციაში, გასაჩივრდეს, გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა, სწორია თუ არასწორი, და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით ფუნქციონირებას, თუ დაადასტურებს, რომ ყველაფერი სწორია,”– განაცხადა დავით დვალმა პრესკონფერენციაზე.
ასევე, ჟურნალისტის შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, ეთანხმებოდა თუ არა განჩინების იმ პასაჟს, სადაც მედიის დანიშნულებაზეა საუბარი, მან უპასუხა, რომ ეს “დისკომფორტული განმარტებაა”.
“მოსამართლე არ ვარ, იურისტი არ ვარ, ვერ გეტყვით, ეს უნდა ეწეროს თუ არ ეწეროს, ცოტა არ იყოს, დისკომფორტული განმარტებაა,”– განაცხადა მან.
დვალმა ასევე განცხადა, რომ რახან რუსთავი 2–ის წარმომადგენლები ამ განჩინებას ასაჩივრებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათაც აქვთ კითხვები განჩინებასთან დაკავშირებით:
“მგონია, რომ ამ საკითხში, ძალიან უცნაურია, მაგრამ ერთიანები ვართ და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაძლეთ გარანტიას იმისას, რომ მართვის პრობლემა არ იქნება,”– განაცხადა დავით დვალმა.
გარდა ამისა, დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განჩინებით განსაზღვრულმა უფლებამოსილებების ნაწილმა მათი გაკვირვება გამოიწვია:
“ის პუნქტი, რომელშიც სხვადასხვა უფლებამოსილებები იყო განსაზღვრული, ცოტა არ იყოს, ჩვენი გაოცებაც გამოიწვია. იმიტომ, რომ იმ დილით, როდესაც ჩვენ პრესკონფერენცია ჩავატარეთ, მაინცდამაინც გაცნობილი მაგ ნაწილს არ ვიყავით. ჩვენ ვიცოდით ფაქტი თვითონ ამის შესახებ. მოჰყვა რეაქცია, მოვისმინე ბევრი მხარის აზრი, მათ შორის ჩვენი აზრი, ცოტა გაკვირვება გამოიწვია და მოდი, გაარკვიოს, ამას ვამბობ,”– განაცხადა დავით დვალმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება გააკრიტიკეს. ისინი აცხადებდნენ, რომ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა, დაუსაბუთებელი იყო და წარმოადგენდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.