ახალი ამბები

უდუმაშვილი რუსთავი 2-ის მართვაზე დვალის შეთავაზებას არ იღებს

11 ნოემბერი, 2015 •
უდუმაშვილი რუსთავი 2-ის მართვაზე დვალის შეთავაზებას არ იღებს

უდუმაშვილის განცხადებით, მან დვალთან შეხვედრის დროსვე განაცხადა უარი აღნიშნულ შეთავაზებაზე და გაუგებარია, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მას დაეკისრა, ისე, რომ მასზე, როგორც უდუმაშვილი ამბობს, მისი ხელმოწერა არ არის.


“მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და ვიცი, რომ ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და, შესაბამისად, ეს დოკუმენტი ბათილია, უკანონო. მე მაქვს კონკრეტული ფუნქციები. მე ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვერასოდეს ავიღებ”.


უდუმაშვილი აცხადებს, რომ საეჭვო გარემოებაა ისიც, რომ სამი დღით ადრე გაუჩნდათ სურვილი მასზე დაეკისრებინათ ვალდებულებები, მაშინ, როდესაც კომპანიას ფინანსური დავალიანება აქვს გასასტუმრებელი.

 

“გასაგებია, რაზე მიუთითებს ეს. მათ სურთ, ეს კომპანია საბოლოოდ შეიყვანონ ჩიხში, თუმცა, ბატონებო, ამას ვერ მოესწრებით, გპირდებით”.


რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველმა დავით დვალმა განაცხადა, რომ მან და რევაზ საყევარიშვილმა ”რუსთავის 2”-ის მართვაზე მინდობილობა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს გადასცეს.

 

დავით დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2 დღის წინ შეხვდნენ ზაალ უდუმაშვილს და შესთავაზეს, რომ მას მიანიჭებდნენ მინდობილობას ტელევიზიის მართვაზე, რათა ტელეკომპანიას პრობლემები არ შექმნოდა მართვასთან დაკავშირებით.

 

დვალის თქმით, წლიური ბალანსების ჩაბარება მიდის და  იმის გამო, რომ მმართველებს სასამართლომ 5 ნოემბერს  უფლებამოსილება შეუჩერა, არ სურს, რომ კომპანიას შეექმნას პრობლემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი