სწორედ ამ ვალდებულებებისა და მათი შესრულების საკითხებზე, დღეს, 11 ნოემბერს თბილისში გაიმართა კონფერენცია „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი-ევროკავშირისკენ სწრაფვა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექნიზმი“, რომელიც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გახსნა.
კონფერენციაზე განიხილეს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებისა და ასოცირების ხელშეკრულების ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის დირექტივების შესრულების მგდომარეობის ანალიზი, ენერგოუსაფრთხოება და მდგრადობა, ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი და სექტორის განვითარების სხვა ძირითადი მიმართულებები.
“საქართველო, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესების მონაწილე, აქტიურად არის ჩართული და მაქსიმალურად უწყობს ხელს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპის ერთიან ენერგეტიკულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს. რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია, ენერგორესურსების მიწოდების გზების დივერსიფიკაცია, შიდა ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა – სწორედ ის უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელთა ირგვლივაც მიმდინარეობს თანამშრომლობა ევროკავშირთან სხვადასხვა ფორმატში. ხაზგასასმელია “ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების”, “ასოცირების შეთანხმებისა” და “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” ფარგლებში წარმატებით ჩატარებული და მიმდინარე მოლაპარაკების პროცესები. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით შემუშავებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი და თქვენ იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდია ინვესატიციები ამ დარგში არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორების მხრიდან, ასევე, ძალიან გააქტიურებულია ადგილობრივი ბიზნესი, საბანკო სექტორი, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობაა საჭირო, რათა მოხდეს იმ რესურსების ათვისება, რომლებიც ქვეყანას გააჩნია.
“საქართველო საკმაოდ მდიდარია თავისი რესურსებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რომ ეს რესურსები რაც შეიძლება მალე ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ”.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ვალიშვილის განცხადებით, მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩართულია შესაბამისი რეფორმების განხორციელების პროცესში.
აღნიშნული ჯგუფი ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, “ბაზრის ოპერატორის“ და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
როგორც მარიამ ვალიშვილმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ახალი ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის სიმულაციის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც [2016 წელი] შესაძლებელი იქნება ახალი ბაზრის მოდელის განსაზღვრა და მასზე ეტაპობრივად გადასვლა.
კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ინიციატივით ჩატარდა.




