ლაშა შუშანაშვილი, რომელსაც საქართველოში ბრალი აქვს წაყენებული ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, აპროტესტებდა “ქართული მაფიის ბოსის” სტატუსს. ასევე, მისი წარმომადგენლების განცხადებით, სტატიაში მოყვანილია არასწორი ინფორმაცია საბერძნეთში მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც მკითხველს ლაშა შუშანაშვილზე ნეგატიურ წარმოადგენას უქმნის. მისი წარმომადგენლების განცხადებით, შუშანაშვილი ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული არასდროს ყოფილა, რაც შეეხება მის კავშირს დანაშაულებრივ სამყაროსთან, შუშანაშვილის წარმომადგენლების ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე შუშანაშვილი დააკავა და თვითონ გაასამართლა. შუშანაშვილი კრიმინალურ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ საქმეში სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 14 წლით პატიმრობაც მიუსაჯა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემოდგომ ინსტანციაში და ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის. ამასთან, შუშანაშვილის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წელს საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, მისი შშმ პირის სტატუსის გათვალისწინებით, შუშანაშვილი ციხიდან გათავისუფლდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
სადავო გახდა 2015 წლის 13 ივლისს გამოქვეყნებული სტატია “რისთვის იყენებს “ქართული მაფია” საბერძნეთის კრიზის?″ განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ამ მასალაში გარდა პირველი პრინციპისა, დარღვეული იყო მესამე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს ინფორმაციის გადაცემას მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, და მეოთხე პრინციპი, სადაც ნათქვამია, რომ ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
საქმის განხილვა 7 ნოემბერს გაიმართა. სხდომას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები დაესწრნენ. საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში დაცული არ იყო პირველი პრინცპი, მესამე და მეოთხე პრინციპები კი დარღვეული არ ყოფილა.




