“მართალია ვერ გავაკეთებთ წინასწარ პროგნოზს, მაგრამ აშკარად ვხედავთ და ვჭვრეტთ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ,”–აღნიშნა მოგერინიმ.
ფედერიკა მოგერინიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველომ არ უნდა დაარღვიოს მნიშვნელოვანი ჩარჩოები, როგორებიც არის მედიაპლურალიზმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კანონის პატივისცემა.
“ჩვენ მიმოვიხილეთ პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფის საჭიროება, რომ საარჩევნო პროცესები ჩატარდეს მშვიდად, დემოკრატიულად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძალუძს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვისაუბრეთ საჭიროებაზე, რომ დემოკრატიული პროცესები შენარჩუნდეს მთელი 2016 წლის განმავლობაში. ქართველებს და იტალიელებს კარგად ესმით, რას ნიშნავს ემოციები პოლიტიკაში, მაგრამ ემოციების გარდა, არსებობს ჩარჩოები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება – ეს გახლავთ მედიაპლიურალიზმი, კანონის უზენაესობის პატივისცემა, სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეიკაოს თავი ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს საზოგადოებისთვის და კონსტრუქციულად იმოქმედონ ამ პროცესის ჩარჩოებში,” – განაცხადა მოგერინიმ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის პირველი ვიზიტის მნიშვნელობა და შეხვედრის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მათ მეგობრული და, ამავდროულად, საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ.
„ჩვენი ძირითადი გზავნილია, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ევროკავშირის აქტიური ჩართულობა გადამწყვეტია საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული, სტაბილური სახელმწიფოს, წარმატებისათვის. ქ-ნ მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა, რათა დასახული საერთო მიზნები რეალობად ვაქციოთ. ზუსტად ერთ კვირაში, 16 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე შევაჯამოთ არსებული პროგრესი და მოვამზადოთ საფუძველი ახალი მიღწევებისა და ინიციატივებისთვის,” – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გამოთქვეს მზაობა, 26 ნოემბერს თბილისში უმასპინძლონ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არაფორმალურ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტურად განხორციელება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მისი თქმით, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი დააჩქარებს ქვეყნის ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციისკენ მიმართულ ძირეულ რეფორმებს.