ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უსაზღვრო შეღავათები რუს ინვესტორებს აფხაზეთში – სადავო კანონპროექტი

16 ივლისი, 2024 •
უსაზღვრო შეღავათები რუს ინვესტორებს აფხაზეთში – სადავო კანონპროექტი

ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთში ხელმოწერისთვის მზადდება ხელშეკრულება, რომელიც რუსი ინვესტორების ინტერესებს მოემსახურება და ადგილობრივი ბიზნესების დისკრიმინაციას მოახდენს.

აფხაზეთში განიხილება რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების პროექტი. პროექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა, რადგან ჯერ არ არის ხელმოწერილი, თუმცა პროექტის ტექსტმა უკვე “გაჟონა” ოპოზიციაში და დაიწყო განხილვები საზოგადოებაში – ძირითადად, ოპოზიციურ სივრცეში.

ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით, აფხაზეთი იურიდიულ პირს ათავისუფლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანისას იმპორტის საბაჟო გადასახადის გადახდისგან; იურიდიულ პირს ათავისუფლებს ორგანიზიის ქონების გადასახადისა და ორგანიზაციის მოგების გადასახადისგან 8 წლის განმავლობაში კაპიტალური სამშენებლო პროექტების ამოქმედებიდან; აძლევს იურიდიულ პირებს უფლებას, აუნაზღაურონ დამატებული ღირებულების გადასახადი აფხაზეთის ბიუჯეტიდან, ანიჭებს უპირატესობას, სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად საჭირო სიმძლავრეები და კავშირები საინჟინრო ქსელებთან და კომუნიკაციებთან; იძლევა საინვესტიციო ობიექტებზე გირავნობის რეგისტრაციის შესაძლებლობას. ხელშეკრულებაში სწორედ ეს და მსგავსი პუნქტები შედის. 

პოლიტიკური დამკვირვებელი ინალ ხაშიგი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებაში არ არის გათვალისწინებული აფხაზური ინტერესი. “პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებს განსახილველად გაუგზავნა შეთანხმების პროექტი აფხაზეთში რუსული ინვესტიციების შესახებ, სადაც გამადიდებელი შუშითაც კი ვერ მოიძებნება აფხაზური ინტერესი”, – წერს ინალ ხაშიგი “ჩეგემსკაია პრავდაში”, – არსებობს განცდა, რომ პროექტის ავტორებმა თავიდანვე განიზრახეს შეექმნათ, ერთი მხრივ, უსაზღვრო საგადასახადო სამოთხე მსხვილი რუსული კომპანიებისთვის აფხაზეთში, სადაც ინვესტორს სრულად უბრუნდება მთლიანი დაბანდებული თანხა. მეორე მხრივ კი, ის, რომ საინვესტიციო ნაკადისგან თავად რესპუბლიკის ბიუჯეტმა არაფერი მიიღოს  (ხელშეკრულების თანახმად, ინვესტიციად მიიჩნევა თანხა 2 მილიარდ რუბლამდე და ზემოთ).

ბიზნესმენის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახის და ვეტერანის, ლევან მიქაას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება იმუშავებს რუსეთისა და აფხაზეთის ოლიგარქების სასარგებლოდ. 

“ჩვენ ვხედავთ ჩვენი თანამდებობის პირების ცხოვრების დონეს. იქიდან გამომდინარე, მათ თავიანთი სასტუმროები როგორ ამუშავეს, ჩვენ გვესმის, რა ხდება მათთან. ბუნებრივია, გვესმის, რომ ჩვენი ჩინოვნიკები კონკრეტულად ამით არიან დაინტერესებული. ამით ისინი პირდაპირ სარგებელს იღებენ. მაგრამ ამის დასაფარად ამბობენ, რომ მათ ეს არ სჭირდებათ – ეს ხალხს სჭირდება და ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ. ვფიქრობ, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ის არის, რომ ყველა ეს ქმედება დაუსჯელი არ დარჩეს. მათ უნდა მიიღონ ის, რასაც იმსახურებენ ამ ქმედებებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. და ეს მოხდება”, – დარწმუნებულია მიქაა.

ყოფილი დეპუტატი და “აამტას” ექსპერტთა საზოგადოების წევრი ნატალი სმირი რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმებას აფხაზური ბიზნესისთვის დისკრიმინაციულად მიიჩნევს. 

“ასეთი მოცულობის პრეფერენციები იქნება წარმოდგენილი და ჩვენს ბიზნესმენებს მოუწევთ გადაიხადონ. რის საფუძველზეა ეს დისკრიმინაცია? ეს ნიშნავს, რომ აფხაზებო, გთხოვთ, გადაიხადოთ გადასახადები, მოაგროვეთ ბიუჯეტი, მაგრამ რუსი ინვესტორები არ გადაიხდიან, ჩვენ მათ არ ვეხებით. ჩვენ მათ ვაძლევთ უზარმაზარ მიწებს. ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, მოიპოვონ ჩვენგან ნავთობი, ააშენონ ჰიდროელექტროსადგურები – ყველანაირ რესურსს ვაწვდით”, – ამბობს ნატალი სმირი.

საზოგადო მოღვაწის ,თენგიზ ჯოპუას თქმით, რუსული ბიზნესი აფხაზეთში ისეთ პრივილეგიებს იღებს, რომლებიც თავად რუსეთშიც არ აქვს. ეს კი, მისი თქმით, ყველაზე ნეგატიურად შეიძლება აისახოს აფხაზურ ბიზნესზე. 

“დიახ, საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა და გარკვეული პრივილეგიების მინიჭება უცხოელი მეწარმეებისთვის, მაგრამ არა ეროვნული მეწარმეებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე”, – ამბობს ჯოპუა.

თენგიზ ჯოპუას თქმით, ამ ხელშეკრულების საკმაოდ სერიოზული თავი ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება. თუკი რაიმე მიზეზით უცხოელ ინვესტორს ზიანი მიადგა, აფხაზეთმა ეს ზიანი უნდა აანაზღაუროს. ეს კი, მისი თქმით, სხვადასხვა სახის კორუფციულ სქემებს არ გამორიცხავს. 

“ფაქტობრივად, ინვესტორები იღებენ იმუნიტეტს, რომელიც სცილდება აფხაზეთის საზღვრებს”, – ამბობს ჯოპუა.

გარდა ამისა, ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ რუსული ბანკის გახსნას, სადაც მოხდება ფინანსური რესურსების მიღება, მომსახურება და დაგროვება. ეს ნიშნავს იმას, რომ საინვესტიციო ფული გაივლის აფხაზეთს, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორი სრულად გამოიყენებს საკუთარ რესურსს.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ რვაწლიანი ვადის გასვლის შემდეგ “ოქროს“ წვიმა” საბოლოოდ აფხაზურ ჯიბეში ჩაედინება, ცდება. ეს პუნქტი ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულების პროექტში. იურიდიული პირი, რომელიც აფხაზეთში ინვესტიციას ახორციელებს, შესაძლოა იყოს მხოლოდ რუსული კომპანიის ფილიალი ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რუსული კომპანიის “შვილობილი”. ეს ყველაფერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გადასახადების დიდი ნაწილი არა ადგილობრივ, არამედ რუსეთის ბიუჯეტში მოხვდეს”, – დარწმუნებულია პოლიტიკური დამკვირვებელი ინალ ხაშიგი.

ჟურნალისტს უჩნდება კითხვა: არის თუ არა პრეზიდენტი ასლან ბჟანია მართლაც იმდენად გულუბრყვილო, რომ ვერ ხედავს საინვესტიციო ხელშეკრულებისგან გამომდინარე საფრთხეებს, თუკი, რა თქმა უნდა, ის საბოლოოდ მიღებული იქნება? 

კითხვას თავადვე პასუხობს და ბჟანიას მოიხსენიებს კრემლთან წინასწარ მიცემული დაპირებების მძევლად. არც ოფიციალურად და არც კულისებში მოსკოვს ჯერ არ დაუჭერია მხარი ბჟანიასთვის, როგორც აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე მყოფისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 

ცხადია, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი პროგრესი ექნება კრემლის დასახულ მიზნებს და როგორ გადაწყდება აფხაზეთისა და რუსეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში დასახული ამოცანები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი