“საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით მინდა მივულოცო ირმა ინაშვილს, რომ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს კოალიციას და მოულოდნელად ჩემთვის რეალურად თანაბარი ბრძოლა დააფიქსირეს. ჩემდა სამწუხაროდ, განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით ძალიან აზარალებს დღევანდელ ხელისუფლებას. მე თვალყურს ვადევნებდი ამ პროცესს და მოპარული არჩევნები არ ყოფილა. და ის კონკრეტული კითხვები, მაგალითად, სამხედროებთან დაკავშირებით გასაჩივრებულია სასამართლოში და კანონის ფარგლებში მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ თავისი აზრი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის, რომ საგარეჯოს არჩევნებში ჩართული იყო თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, ამით კანონი არ დარღვეულა:
“თუმცა მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რომ მომავალში სალაპარაკო არ გახადონ ეს თემა. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ინაშვილს ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც არ გაუბედია სხვა ოპოზიციურ ძალას, მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის “გულითადად თხოვს” ირმა ინაშვილს და მის გუნდს, პროტესტის უკიდურესი ფორმა – შიშმილობა შეწყვიტონ: “ყველაფერი წინ არის და კიდევ მრავალი არჩევნები იქნება საქართველოში”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს გაიმართა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ყველა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოუცხადა ბოიკოტი. საგარეჯოში არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდა კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი, რესპუბლიკური პარტიიდან თამარ ხიდაშელი და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ირმა ინაშვილი. ხიდაშელმა რამდენიმე ასეული ხმით მოუგო ინაშვილს, რასაც არ ეთანხმება დამარცხებული მხარე. 8 ნოემბერს ირმა ინაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს, ისინი თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრების პოსტიდან თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადადგომას მოითხოვენ.