ახალი ამბები

უსუფაშვილი: თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დისკომფორტი აქვთ, თავს აიცილებენ

10 ნოემბერი, 2015 • 953
უსუფაშვილი: თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს დისკომფორტი აქვთ, თავს აიცილებენ

უსუფაშვილს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპონენტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მოსამართლე მაია კოპალეიშვილი მისი თანამშრომელიც იყო.


“დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია, მე ამას ვადასტურებ. ამასობაში, თუ თქვენ მოუთითებთ დამატებით საფუძვლებზე, იმის გამო, რომ მოსამართლეებს შეიძლება კიდევ სხვა პრობლემები ჰქონდეთ და მიკერძოებულობა ეჭვქვეშ იდგეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ ეს საქმე სხვამ უნდა განიხილოს. 


ამ შემთხვევაში, პარლამენტი არ არის მხარე სასამართლო პროცესში, ამიტომ ეს პოზიცია, ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება–მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მე ყველას ვთხოვ, საზოგადოებასაც, მოპასუხეებსაც, ამ საქმეს შევხედოთ ისე, როგორც არის, რომ დაისვა საკითხი, ამ საკითხს განიხილავენ თავად მოსამართლეები. თუ იგრძნობენ, რომ ამ გარემოების გამო მათ აქვთ რაიმე უხერხულობა თუ დისკომფორტი, აიცილებენ. თუ არ იგრძნობენ ამას, მაშინ იმასაც იტყვიან, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა ყველას მივმართო, რომ სასამართლოებს ვაცადოთ საბოლოო სიტყვის თქმა,”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტი ტელეკომპანია “საქართველოსა” (რომელის რუსთავი 2–ის ერთ–ერთი პარტნიორია და ყარამანიშვილები ფლობენ) და რუსთავი 2–ის საკონსტიტუციო სარჩელებზე ორი მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილისა და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი რუსთავი 2–ის მიმართ მიკერძოებულნი იქნებიან. 


პარლამენტის სარჩელში აღნიშნულია, რომ ამ მოსამართლეებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა აკავშირებით ნიკა გვარამიასთან.


“მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ქალბატონი ანა ჟვანია ბატონი ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო ქალბატონი მაია კოპალეიშვილი ბატონი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა მისი ჯერ იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. განსახილველი საქმისადმი მოსამართლეთა მიკერძოებული დამოკიდებულება უკვე ნათლად გამოვლინდა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის მიღებისა და განხილვის ადრეულ სტადიებზე,”– აღნიშნულია პარლამენტის შუამდგომლობაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი