ახალი ამბები

ადვოკატის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

10 ნოემბერი, 2015 • • 1096
ადვოკატის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გამო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე, რაც უფლებამოისლების გადამეტებას გულისხმობს.


UPDATE: შსს-ს პრესცენტრმა დააზუსტა, რომ თანამდბეობიდან არა ვაკე-სამმართველოს უფროსი, არამედ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია გათავისუფლდა.


ადვოკატი მდინარაძე © ტვ კავკასია
ადვოკატი მდინარაძე © ტვ კავკასია

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში სცემეს ადვოკატი გიორგი მდინარაძე. სახალხო დამცველის ცნობით, მისი რწმუნებულები ჰოსპიტალში პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ გიორგი მდინარაძეს, რომელსაც არაერთი დაზიანებება აღენიშნებოდა: სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს. ადვოკატის თქმით, ხელბორკილები დაადეს და 5-10 წუთის განმავლობაში ისე სცემდნენ.


 

ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ 8 ნოემბერს, დაახლოებით 2:15 საათზე მივიდა პოლიციის შენობაში არასრულწლოვანი პირის ინტერესების დასაცავად. დაკითხვის პროცესის დაწყებამდე მან გამომძიებელს განუცხადა, რომ არასრულწლოვანი იყენებდა დუმილის უფლებას. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ცალკე ოთახში სასაუბროდ გაიყვანეს, რასაც ესწრებოდა ასევე მისი მამა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ადვოკატის მიმართ გამოხატეს აგრესია. იგი შეიყვანეს პოლიციის უფროსის ოთახში და პოლიციის დაახლოებით ხუთმა თანამშრომელმა და მათ შორის პოლიციის უფროსმა, რომლის სახელსა და გვარს ადვოკატი ასახელებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ შეადგინეს მისი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და საბოლოოდ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

 ”ადვოკატის მიმართ პროფესიული საქმიანობის მსგავსი უხეში ფორმებით ხელის შეშლა თავისთავად შემაშფოთებელია. ამგვარი ფაქტის არსებობა არსებით საფრთხეს უქმნის ინდივიდის უფლების და კანონის უზენაესობის დაცვას, რასაც დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებათა იერარქიაში უმთავრესი ადგილი უკავია. შესაბამისად, სახელმწიფოს რეაგირება ერთგვარი ტესტია, რამდენად არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგი, რამდენად დაცულია ადამიანის უფლება და რა ლეგიტიმურ ჩარჩოებში ზის პოლიციის უფლებამოსილება,”- აცხადებს სახალხო დამცველი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი