ახალი ამბები

მშობლის თქმით, მისი შვილი სკოლაში რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა

9 ნოემბერი, 2015 • • 1755
მშობლის თქმით, მისი შვილი სკოლაში რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა

რუსა ამირეჯიბის თქმით, მის შვილს კანის ფერის გამო თანასკლასელმა შეურაცხყოფა გაკვეთილზე მიაყენა, ხოლო მასწავლებელმა ამის საწინააღმდეგოდ არაფერი იღონა.

 

მშობელი ამბობს, რომ იგი სკოლაში მივიდა და სკოლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა. ამირეჯიბის თქმით, მისი შვილი მოსწავლეების მხრიდან ხშირად განიცდიდა დისკრიმინაციას. მასწავლებელმა მშობელს უპასუხა, რომ ეს ფაქტი არ აინტერესებდა და არ ეხებოდა, ხოლო მის შვილს კლასში არშეშვებით დაემუქრა.

 

ამის შემდეგ, ამბობს ამირეჯიბი, მივიდა კლასის დამრიგებელთან და ის მოსწავლე გამოაყვანინა გაკვეთილიდან, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს.

 

“რა თქმა უნდა, უზრდელი იყო, დამრიგებელი ზურგზე ხელს უცაცუნებდა ამ ბიჭს, დამრიგებელი იდგა და ისმენდა იმ ბიჭის საოცარ ლაპარაკს და დამრიგებელი არც მიუბრუნდა იმ ბიჭს, დირექტორმაც ჩვენ გვისაყყვედურა რატომღაც, დედაშენს რატომ უთხარიო. ხუთი კაცი გვეჩხუბებობდა, რა თქმა უნდა, თავს ვიცავდით როგორც შეგვეძლო. მე წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ აუცილებლად ვუჩივლებდი, რომ ლამის ბოდიში მოგიხადოთ, რომ ბავშვი თქვენს სკოლაში მოვიყვანე-მეთქი. არც ერთმა ადამიანმა არ დაიჭირა ჩვენი მხარე, არც ერთი არ მიუტრიალდა იმ ბიჭს და არ აუხსნა, რომ რასაც ის ჩემს შვილს ეძახდა- ცუდია. ვკითხე იმ ბიჭს, არ გარიგებენ მასწავლებლები, რომ დისკრიმინაცია არ შეიძება-მეთქი? და არაო”, – ამბობს რუსა ამირეჯიბი.  

 

რუსა ამირეჯიბი ამბობს, რომ სანამ კამათი სკოლის დირექტორის კაბინეტში გაგრძელდებოდა, მანამდე მას მანდატურებთანაც მოუხდა ჩხუბი, რომლებიც მის შვილს იმას ედავებოდნენ, თუ რატომ უთხრა მშობელს ამ ინციდენტის შესახებ, ამბობს რუსა ამირეჯიბი.

 

“ნეტგაზეთი” სკოლის დირექტორ მაია კოპალიანს ესაუბრა. დირექტორის თქმით, მან ამ ამბის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც დერეფანში ხმაური შემოესმა.  მან სცადა აღელვებული მშობელი დაეწყნარებინა და საკითხი გაერკვია. თუმცა ამირეჯიბის დაწყნარება ვერ შეძლო, ამბობს დირექტორი.

 

კოპალიანი ამბობს, რომ იგი 6 თვეა სკოლის დირექტორად მუშაობს და მანამდე არ სმენია იმის შესახებ, რომ ვინმემ მისი სკოლის მოსწავლეს კანის ფერის გამო შეურახყოფა მიაყენა. კოპალაიანის თქმით, ამირეჯიბი იყო აღელვებული, მათ უყვიროდა და ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

 

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ საკითხს ხვალ გაარკვევს კლასის დამრიგებელთან, მასწავლებელთან და თანაკლასელებთან ერთად. კითხვაზე, თუ რატომ არ გამოკითხა აქამდე მოზარდის თანაკლასელები, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციის ფაქტს, კოპალიანი პასუხობს, რომ როდესაც ინციდენტი დასრულდა, მოსწავლეები უკვე სახლში იყვნენ წასული, ამიტომ დაღლილ მოსწავლეებს უკან ვერ მოაბრუნებდა. დირექტორს იმედი აქვს, რომ თანაკლასელები სიმართლეს იტყვიან.

 

რუსა ამირეჯიბი ამბობს, რომ დისკრიმინაციის გამო სასამართლოს მიმართავს. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ სამინისტრო საკითხის გარკვევას ხვალიდან დაიწყებს, რადგან მშობლის განცხადება სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გაიგეს. სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ამ ფაქტის შესახებ განათლების მინისტრი ინფორმირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი