ახალი ამბები

წყალმომარაგების კომპანიის ბუღალტერი, რომელიც ჯანყარაშვილს ადანაშულებდა, დამნაშავედ ცნეს

9 ნოემბერი, 2015 • 1655
წყალმომარაგების კომპანიის ბუღალტერი, რომელიც ჯანყარაშვილს ადანაშულებდა, დამნაშავედ ცნეს

 

სასამართლომ თამარ ფხოველიშვილი და ზურაბ ნუცუბიძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

 

ნათია ნავროზაშვილმა კი აღიარა დანაშაული და ბრალის აღიარების საფუძველზე მასთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 2 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაეთვლება პირობითად.

 

ამ საქმეზე სამივე მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით იყვნენ ბრალდებული, რაც მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს. 

 

თამარ ფხოველიშვილმა სასამართლოში დაკითხვაზე ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომლებიც, მისი განცხადებით, ამ სქემაში იყვნენ ჩართული. კერძოდ, მისი თქმით, თანხების უკანონო გადარიცხვების სქემის შესახებ მას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა უთხრა. ფხოველიშვილის თქმით, ეს სქემა ცაბუტაშვილის მოადგილემ ფინანსურ საკითხებში, კახაბერ სოლოღაშვილმა შეიმუშავა. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ცაბუტაშვილს მწვანე შუქი ზვიად ჯანყარაშვილისგან ჰქონდა ანთებული.

 

თამარ ფხოველიშვილის განცხადებით, ცაბუტაშვილმა მას უთხრა, რომ არ შეამოწმებდათ ფინანსური პოლიცია:  “შემოსვლის შემთხვევაშიც, პასუხისმგებელი იყო ის. ის იყო ზვიად ჯანყარაშვილის მიერ დანიშნული ამ თანამდებობაზე, არჩილ ცაბუტაშვილი, და თვითონ ძალიან ხშირად იმეორებდა ამას, რომ არაფრის არ მეშინიაო, საკმაოდ ძლიერი ზურგი იდგა მის უკან.”

 

 

საქმეზე საქალაქო სასამართლომ განცხადება გამოაქვეყნა:

 

“საქმის მასალების თანახმად, თამარ ფხოველიშვილს 2012 წლის 21 დეკემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“  ერთ-ერთ ფინანსურ სამმართველოში ეკავა მაღალი თანამდებობები.  2013 წლის დასაწყისში მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. თ. ფხოველიშვილმა ხსენებული განზრახვა გაანდო მეუღლეს- ზურაბ ნუცუბიძეს და  ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს უფროსს ნათია ნავროზაშვილს. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მითვისებული თანხისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თითქოსდა გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხა გადარიცხეს რამდენიმე ფიქტიური ორგანიზაციის სახელზე. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მიღებული შემოსავლის- 2 271 308 ლარის ლეგალიზაცია.


 

წარდგენილი ბრალის თანახმად, ზურაბ ნუცუბიძეს ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ,  დიდი ოდენობით, ხოლო თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილს, აგრეთვე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.


 

სამივე ბრალდებულს ასევე ბრალად ედებოდათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაც, ე.ი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ქონების ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

ღია სასამართლო სხდომებზე, ზ.  ნუცუბიძემ არ სცნო, ხოლო თ. ფხოველიშვილმა ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი