ახალი ამბები

საია მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოიძიოს ადვოკატის შესაძლო ცემის ფაქტი

9 ნოემბერი, 2015 • • 966
საია მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოიძიოს ადვოკატის შესაძლო ცემის ფაქტი

საია, დღეს გავრცელებულ განცხადებაში უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 8 ნოემბერს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

 

საია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები დროულად ჩატარდეს, მათ შორის დაიკითხოს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შეესწრო სავარუდოდ მომხდარ ფაქტს. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ  მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ.

 

საია ახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა ან რაიმე ფორმით ხელის შეშლა, მით უმეტეს, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. იურისტთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპები აღიარებს ადვოკატის უფლებას, თავისი პროფესიული ფუნქციების შესრულება შეძლოს დაშინების, დაბრკოლების, ხელის შეშლის, არასათანადო ჩარევის გარეშე და სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ზემოაღნიშნული უფლებების ჯეროვანი დაცვა და ხელშეწყობა, აცხადებს საია.

 

ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებს, რომ ის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების პოლიციის შენობაში თანამშრომლებმა სცემეს.

საია
საია

მასალების გადაბეჭდვის წესი