ახალი ამბები

რა არის პორნოგრაფია

8 ოქტომბერი, 2010 • • 3889
რა არის პორნოგრაფია

პორნოგრაფიის დეფინიცია საქართველოს საკანონმდებლო აქტებში განსაზღვრული არ არის. ასევე არ არის განსაზღვრული, თუ რას ნიშნავს პორნოგრაფიის კანონიერად გავრცელება, მაშინ როცა ამ სახის ნაწარმის უკანონო გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა ითვლება კანონიერ დამზადება/გავრცელებაში.

ის ამბობს, რომ საკითხი ბუნდოვანია, რადგან კანონში არ არსებობს შესაბამისი ჩანაწერი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, პორნოგრაფიასთან დაკავშირებით, დამატებითი ჩანაწერი ამოქმედდა.  არც ერთი ცვლილება არ პასუხობს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა კონკრეტული საქმის განხილვისას დავის საგანი გახდეს.

მიღებული ცვლილებებით, პორნოგრაფიული ნაწარმოების დეფინიცია არის: ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც, მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია არასრულწლოვანის ან არასრულწლოვანის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა– ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით– გენერირებულ სექსუალურ სცენებში, ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები.”

შენიშვნაში მითითებულია ის შემთხვევებიც, თუ როდის არ ჩაითვლება ნაწარმოები პორნოგრაფიად. იმ შემთხვევაში, თუ ის  შექმნილია სამედიცინო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა კანონიერი მიზნებისთვის.

თუმცა, კანონის მიხედვით, როგორ რეგულირდება  პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, თუ მასში, არასრულწლოვანების ნაცვლად, სრულწლოვანი ადამიანები არიან, გაურკვეველია.

” ეს შენიშვნა გვაძლევს პორნოგრაფიული ნაწარმოების დეფინიციას არასრულწლოვანთან დაკავშირებით”,-ამბობს იურისტი,”სრულწლოვანების შემთხვევაში, მოსამართლე შეიძლება თავისუფლად ამოვიდეს ამ განმარტებიდან, რადგან ზოგადი დეფინიცია არ არის”.

ვერძეული ამბობს, რომ შეიძლება გავრცელებაში სოციალური ქსელების მეშვეობით პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელება ჩაითვალოს, იქნება ეს ფეისბუქი, იუთუბი თუ სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელი.

” ზოგადი წესი ასეთია, პორნოგრაფიული ნაწარმოების გაცრცელება  უკანონოა, რადგან ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი აქტი,   როგორ შეიძლება  მისი გავრცელება კანონიერად მოხდეს. აქედან გამომდინარე, რახან  არის ეს სამართლებრივი ვაკუუმი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის შემთხვევა, როდესაც  პორნოგრაფიული მასალის გავრცელება ხდება,  არის უკანონო. არ არის განსაზღვრული, როგორ შეიძლება ამის გაკეთება მოხდეს, ამიტომ ყველა შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს”,-ამბობს იურისტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი