პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერება სამწუხაროა.
კობახიძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიულია ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით.
ამის შესახებ მან დღეს, 11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. გასული 4 წლის პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ამ ურთიერთობებს ნამდვილად სჭირდება გადატვირთვა, ამისთვის ქართული მხარე, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო თავიდან ბოლომდე მზად არის და ვართ შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინში.
ასეთი გადაწყვეტილებები კი არის კონტრპროდუქტიული ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით, თუმცა მე კვლავაც ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, ჩვენ ვართ მზად ამისათვის“,- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა.
ელჩის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაურკვეველი ვადით გადადო საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი“. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში.