ახალი ამბები

ყარამანიშვილები: დავით დვალთან და რევაზ საყევარიშვილთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს

7 ნოემბერი, 2015 • 1042
ყარამანიშვილები: დავით დვალთან და რევაზ საყევარიშვილთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს

“გუშინ, 6 ნოემბერს, ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. დროებითი მმართველები მიანიჭებდნენ “სრულ უფლებამოსილებას” ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით. ამ შემოთავაზებაში- ისევე, როგორც რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში- ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს ვითომდა დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში.

 

ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით. მათი დანიშვნა იმთავითვე ანტიკონსტიტუციურია. არც დვალთან (რომლის გარიგება ხელისუფლებასთან ამ შეტევის დაწყებისთანავე აშკარა იყო) და არც საყევარიშვილთან (რომელიც ხელისუფლებამ 3 წლის წინ მიავლინა ტელეკომპანია “იმედში” სრული საკადრო წმენდის ჩასატარებლად) არაფერი გვაქვს სალაპარაკო.

 

სურვილის შემთხვევაში, საქართველო ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, რუსთავი 2-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით,”-აღნიშნულია ყარამანიშვილების განცხადებაში, რომელიც რუსთავი 2–მა გაავრცელა. 


გუშინ ასევე გავრცელდა დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის განცხადება. ისინი ამბობდნენ, რომ ვინაიდან საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება ექვემდებარებოდა გასაჩივრებას და ასევე არსებობდა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის დროებით მმართველებად მათი დანიშვნის გადაწყვეტილება შეცვლილიყო, აპირებდნენ, დალოდებოდნენ გასაჩივრების შედეგებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს განჩინება გაივლიდა გასაჩივრების ყველა ეტაპს და მიიღებდა საბოლოო სახეს, მისულიყვნენ ტელევიზიაში და შეესრულებინათ ამ განჩინებით მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები.


ამასთანავე, საყევარიშვილი და დვალი ამბობდნენ, რომ რადგანაც ამ ეტაპზე “რუსთავი 2″–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული ჰქონდათ უფლებამოსილება, მზად იყვნენ, ყარამანიშვილების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი კანდიდატისათვის მიენიჭებინათ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.


5 ნოემბრის განჩინებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი