ახალი ამბები

მთარგმნელი ზაზა ჭილაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს

7 ნოემბერი, 2015 • 3019
მთარგმნელი ზაზა ჭილაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს

ზაზა ჭილაძემ საკუთარი გადაწყვეტილება ნეტგაზეთთან შემდეგნაირად განმარტა:

 

“მე საერთოდ პოლიტიკიდან შორს ვარ და ნაკლებად წარმომიდგენია ჩემი თავი ამ სფეროში. სიაში როცა ჩავეწრე, მაშინ სხვა ვითარება იყო. მაშინ არსებული მდგომარეობის მიმართ ამით რაღაცნაირად გამოვხატე ჩები პოზიცია, ანუ სად დავფიქსირდებოდი, ასე ვთქვათ, რომელ მხარეს წარმომედგინა ჩემი თავი. პარლამენტის წევრობას საერთოდ არ ვგეგმავდი, ეს იყო ჩემი პოზიციის დაფიქსირების გარკვეული საშუალება. ახლა, როდესაც ისე წარიმართა არჩევნები და ისეთი შედეგით დამთავრდა, ეს ძალა არის ხელისუფლებაში და უკვე რეალური საქმეა საკეთებელი, მე მიმაჩნია, რომ ეს საქმე იმ ხალხმა უნდა აკეთოს, ვისაც ეს ესმის უკეთესად და ჩემზე მეტად ეხალისება და გამოუვა, რაც მთავარია. ჩემი პარლამენტში ყოფნა იქნება მხოლოდ ადგილის დაკავება ისეთი ადამიანის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უფრო შესაფერისი იქნება ამ საქმისთვის. მე ჩემი პროფესია მაქვს, ჩემი საქმე მაქვს და ჯობია, ჩემთვისაც და ყველასთვის, რომ ის საქმე ვაკეთო, რაც უფრო საჩემოა, ასე ვთქვათ,”– ამბობს ზაზა ჭილაძე. 

 

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” მდივანს, ზურაბ ტყემალაძეს შეკითხვით, თუ ვინ დაიკავებდა გოგი თოფაძის ადგილს პარლამენტში ზაზა ჭილაძის უარის შემდეგ.

 

ზურაბ ტყემალაძემ განმარტა, რომ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის და  ეს საკითხი არ დამდგარა. 

 

“პროცედურაა, ბატონი გოგი რომ გავა, 1 თვეა შეთავაზების პროცედურა და იმაზე თანხმობა–ართანხმობის მიღება. შეიძლება დღეს ასე ფიქრობდეს ზაზა ჭილაძე, ხვალ შეიძლება სხვანაირად იფიქროს, ასევე შეიძლება, სხვამ იფიქროს სხვანაირად,”– განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

 

გოგი თოფაძემ გუშინ განაცხადა, რომ სურს, სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვოს პარლამენტი, რათა მისი აზრი ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დაბრკოლება არ აღმოჩნდეს კოალიციის მიზნებისთვის.

 

ზაზა ჭილაძე. ფოტო – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზაზა ჭილაძე. ფოტო – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი