საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არ შეასრულებენ რუსული კანონის მოთხოვნას და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ არ დარეგისტრირდებიან.
საიას განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზაციის საერთო კრებაზე ერთხმად მიიღეს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იძულებითი წესით რეგისტრაციის შემთხვევაში, საია გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას. ბრძოლის პარალელურად, საია აცნობიერებს, რომ ორგანიზაციას შესაძლოა დაეკისროს ჯარიმები, რომლის გადახდაც წარმოადგენს ორგანიზაციის ინტერესებისათვის გადადგმულ ნაბიჯს;
კანონის რეპრესიული მოქმედების პირობებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის გაგრძელების გრძელვადიან სტრატეგიას საიას გამგეობა დაამტკიცებს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში, წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევამდე, რომელსაც წარუდგენს საერთო კრებას“, – აცხადებს საია.
რუსულ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 3 ივნისს მოაწერა, რითაც კანონი ძალაში შევიდა. რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
კერძოდ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მიიჩნევა ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
ორგანიზაციები, რომლებიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ მიიჩნევიან, ვალდებული არიან რუსული კანონით გათვალისწინებული რეესტრში დარეგისტრირდნენ.
რაც შეეხებათ ვადებს, გრანტის მიმღებ სუბიექტებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ 3 თვეში წარმოეშვებათ.
კერძოდ, კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის, ანუ 2 თვის ვადაში, ჯერ იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის შესასრულებლად უნდა განახორციელოს საჭირო წინასწარი „მატერიალურ – ტექნიკური“ ღონისძიებები (მათ შორის იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციათა რეესტრის და შესაბამისი ვებგვერდის შექმნა, სადაც რეგისტრაციის შევსების განაცხადი იქნება).
ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში კი, ის სუბიექტები, რომლებიც 2023 წლის მონაცემებით, რუსული კანონის მიხედვით აკმაყოფილებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ კრიტერიუმებს, ვალდებული არიან, მიმართონ საჯარო რეესტრს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უარს იტყვის ამ რეესტრში რეგისტრაციაზე, მაშინ, მისი ნების მიუხედავად, მაინც დაარეგისტრირებენ.
რუსული კანონის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული კანონი ზღუდავს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობას. მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვა, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კონკრეტულ პირებს, ასევე, გადაიხედება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები. აშშ-ში ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ანტიდასავლურ კურსს, ქვეყანას გაუჩნდება შანსი, აშშ-თან მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლას და ა.შ.
რუსული კანონის მიღების თითქმის ორთვიან საკანონმდებლო პროცესს თან ახლდა ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომელიც გრძელდება.
მედიები და სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან აღნიშნულ რუსულ კანონს.