ახალი ამბები

ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

5 ივლისი, 2024 •
ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ორბანი მოსკოვში დღეს, 5 ივლისს, ჩავიდა და პუტინთან შეხვედრა კრემლში სამთავრობო დელეგაციის თანხლებით გამართა.

რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების ცნობით, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოაყალიბებს თავის ხედვას უკრაინაში არსებული ვითარების, ასევე, ევროპის პოზიციის შესახებ.

„იმედი მაქვს, რომ გამაცნობთ თქვენს პოზიციას, ევროპელი პარტნიორების პოზიციას“, — განაცხადა პუტინმა ორბანთან მოლაპარაკების დროს.

როგორც პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, პუტინი და ორბანი პირისპირაც ისაუბრებენ.

„ახლა მოლაპარაკებები ისე გრძელდება, როგორც დაიწყო, პირველ რიგში, ისინი ისაუბრებენ თანმხლებ პირებთან ერთად. შემდეგ საუბარი იმავე შემადგენლობით გაგრძელდება სამუშაო ლანჩზე. თუ ლიდერები საჭიროდ ჩათვლიან, მათ ყოველთვის შეუძლიათ გადავიდნენ ტეტ-ა-ტეტ რეჟიმზე“ ,— განაცხადა პესკოვმა.

პირველ ივლისს უნგრეთი, როტაციის წესით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვის ვადით გახდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვიქტორ ორბანი თავის მიზნად სამშვიდობო მისიას ისახავს. ამ მიზეზით ის, 2012 წლის შემდეგ პირველად, 2 ივლისს კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რომელიც, მისი აზრით, დაეხმარებოდა რუსეთ-უკრაინის შემდეგ მოლაპარაკებებს.

მოსკოვში ჩასვლისას კი ორბანმა განაცხადა, რომ „სამშვიდობო მისია გრძელდება“.

„მშვიდობას ვერ შექმნი ბრიუსელში ჯდომით. უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობით ჩვენ გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს მშვიდობისკენ. ეს არის ჩვენი სამშვიდობო მისია“ ,— დაწერა სოციალურ ქსელში ორბანმა.

მოსკოვში ორბანის ვიზიტს აკრიტიკებენ ევროკავშირის ლიდერები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შალრ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობა უნგრეთს არ აძლევს მანდატს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ევროკავშირის სახელით ჩაერთოს.

„ევროპული საბჭოს პოზიცია მკაფიოა: აგრესორი რუსეთია, მსხვერპლი კი- უკრაინა. უკრაინის გარეშე დისკუსია უკრაინის შესახებ არ შეიძლება“ ,— განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დაშოშმინება პუტინს არ შეაჩერებს.

„მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი