რა არის ბიტკოინის 4 წლიანი ციკლი ანუ განახევრება?
ბიტკოინი არის ყველაზე პოპულარული და ცნობილი კრიპტოვალუტა, ან როგორც მას ხშირად ადამიანები მოიხსენიებენ – ციფრული ფული. ბიტკოინის მთავარი უპირატესობა დეცენტრალიზებულობაა და ამას ის უნიკალური მუშაობის პრინციპით ახერხებს.
კრიპტოვალუტას არ ჰყავს ერთი მმართველი ორგანო, რომელიც მას გააკონტროლებს, შეზღუდავს გარკვეული რეგულაციებით და გაუწევს მონიტორინგს. ქსელში ჩართული კომპიუტერები კი, დამოუკიდებლად ადასტურებენ შენს მიერ განხორციელებულ ბიტკოინის ტრანზაქციებს და მათ ავთენტურობას, დანარჩენ შემთხვევაში – ბიტკოინი თავისუფალ მიმოქცევაშია, სრულიად დეცენტრალიზებულად და ხელშეუხებლად.
იმის სანაცვლოდ, რომ ქსელში ჩართულმა ადამიანებმა შენი ტრანზაქციები სწრაფად დაადასტურონ, ისინი გარკვეულ ჯილდოს, ანუ BTC-ის იღებენ. მათი მძლავრი კომპიუტერები ხსნიან რთულ მათემატიკურ ამოცანებს, რომელიც არის გადარიცხვის დადასტურება, ხოლო ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც პირველი ამოხსნის პრობლემას, გამოიმუშავებს ბიტკოინს. იმისათვის, რომ ინფლაციური რისკები დაზღვეული იყოს, ბიტკოინის ფასი კი, მუდმივად მზარდი, ტრანზაქციების დადასტურების შედეგად მიღებული ჯილდო ყოველ 4 წელში ნახევრდება. სწორედ ეს არის განახევრების ციკლი, ანუ ჰალვინგი.
რა შეიცვალა ყოველი ციკლის შემდგომ?
ყოველი განახევრების ციკლის შემდგომ, ბიტკოინის ეკოსისტემაში ახალი, პოზიტიური ცვლილებები ჩნდება.
- ჯილდო – როგორც ვახსენეთ, ადამიანები ჩვენს მიერ განხორციელებული ბიტკოინის გადარიცხვების დადასტურების სანაცვლოდ იღებენ ჯილდოს. ჯილდო კი გარკვეული რაოდენობის ბიტკოინია.
ეს ჯილდო ყოველი ჰალვინგის პროცესის შემდგომ განახევრებას ექვემდებარება, ანუ თუკი თავდაპირველად ადამიანები 50 ბიტკოინს იღებდნენ გაწეული სამსახურის გამო, ჰალვინგის შემდგომ ეს ჯილდო ნახევარი ხდება – ანუ 25 ბიტკოინი. - ბიტკოინის ფასი – მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კორელაცია ბიტკოინის ჰალვინგსა და ბიტკოინის ფასს შორის, სტატისტიკურად განახევრების პროცესი ყოველთვის პოზიტიურად აისახებოდა BTC-ის ღირებულებაზე.
ყოველი ჰალვინგის შემდგომ, რამოდენიმე თვეში აქტივის ღირებულება საკმაოდ იზრდება. მაგალითად, 2012 წლის განახევრებამდე ბიტკოინის ფასი $12.35 იყო, ხოლო განახევრებიდან 5 თვის შემდგომ აქტივის ღირებულებამ $127 შეადგინა.
სწორედ იგივე მოხდა 2016 წლისა და 2020 წლის განახევრების შემდგომაც. 2016 წლის ივლისში, ბიტკოინის ფასი $650 შეადგენდა, განახევრების შემდგომ კი – $758.
2020 წლის მაისის განახევრებამდე ბიტკოინის ფასი $8600 შეადგენდა, ხოლო ჰალვინგიდან ზუსტად 5 თვის შემდგომ BTC ღირებულება Cryptal-ზე $15 420 გაუტოლდა.
ბიტკოინის განახევრების, ანუ ჰალვინგის თარიღები
- 2012 წელი – 25 ბიტკოინი
ბიტკოინის პირველი განახევრება 2012 წელს მოხდა, რა დროსაც მაინერები, ანუ ადამიანები რომლებიც ტრანზაქციებს ადასტურებენ, ჯილდოს სახით 25 ბიტკოინს იღებდნენ.
- 2016 წელი – 12.5 ბიტკოინი
ბიტკოინის მეორე განახევრება 4 წლის შემდგომ, 2016 წელს დაიწყო, რის შემდგომაც მაინერების ჯილდო 25 BTC-დან 12.5 ბიტკოინამდე ჩამოვიდა.
- 2020 წელი – 6.25 ბიტკოინი
რიგით მესამე ჰალვინგი, ანუ განახევრება 2020 წელს იყო, რა დროსაც ჯილდომ 6.25 ბიტკოინი შეადგინა.
- 2024 წელი – 3.125 ბიტკოინი
ჯერ-ჯერობით ბოლო განახლება 2024 წლის აპრილში, სულ რაღაც ერთი თვის წინ მოხდა და ამის შემდგომ ჯილდოდ მისაღები ბიტკოინი 3.125-მდე შემცირდა.
როგორც ვნახეთ, ბიტკოინი 4 წლიან ციკლებს გადის, რა დროსაც ტრანზაქციების სწრაფად დადასტურებისათვის მაინერები სულ უფრო ნაკლები რაოდენობის ბიტკოინს იღებენ ჯილდოს სახით. მომდევნო ჰალვინგი 4 წელში, 2028 წელს მოხდება, რა დროსაც ჯილდო ისევ განახევრდება და 1.5625 BTC იქნება.
რატომ იცვლება ბიტკოინის ფასი განახევრების შემდგომ?
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი განახევრების ციკლსა და ბიტკოინის ფასის ზრდას შორის, მაინც არსებობს ფაქტორები, რომლებსაც პოზიტიური როლი შეაქვთ ამ პროცესში.
- მედია დაინტერესება – ყველა კრიპტოვალუტაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოლოდინებს, ჰაიპსა და დაინტერესებას. ამგვარ ფაქტორებს შეუძლია როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად იმოქმედებს ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტოს ფასზე.
როგორც ყველაზე დიდი და პოპულარული კრიპტოვალუტა, ბიტკოინი რეალურად ძალიან დიდი დაინტერესებით სარგებლობს მედიებისა და ინვესტორების მხრიდან. განახევრების შემდგომ კი, ეს დაინტერესება უფრო იზრდება, შესაბამისად იზრდება კრიპტოს ფასიც. - მიწოდების შემცირება – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ბიტკოინის ფასის ზრდაზე მოქმედებს, მისი მიწოდების შემცირებაა. ჰალვინგის მეშვეობით, ვინაიდან ჯილდო ნახევრდება, მცირდება ცირკულაციაში ჩასაშვები ციფრული აქტივის რაოდენობაც.
შემცირებული მიწოდება კი, იმ დროსაც თუკი მოთხოვნა არ გაიზრდება და დარჩება იგივე, იწვევს ფასის ზრდას. ვინაიდან, აქტივი სულ უფრო იშვიათი ხდება მისი შეზღუდული რაოდენობიდან და განახევრებული მიწოდებიდან გამომდინარე.
შეჯამება
ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი ციფრული აქტივების თვალსაჩინო და უდიდესი წარმომადგენელია, მისი დეცენტრალიზებული მუშაობის პრინციპი კი, ყოველი მომდევნო ალტქოინისა და კრიპტოვალუტის მოქმედების პრინციპს დაედო საფუძვლად.
ქსელში მძლავრი კომპიუტერებით ჩართული ადამიანები არიან ამ დეცენტრალიზებულობის გარანტები, რომლებიც ჩვენს მიერ განხორციელებული ბიტკოინ ტრანზაქციების ავთენტურობას ადასტურებენ, სანაცვლოდ კი, ისინი ჯილდოს სახით ბიტკოინს იღებენ.
ჯილდოდ გაცემული ბიტკოინის რაოდენობა ყოველ 4 წელში ნახევრდება და ამ მონაკვეთს პირობითად, ბიტკოინის 4 წლიანი ციკლი ჰქვია.
უკანასკნელი განახევრება 2024 წელს მოხდა, რის შემდგომაც, ისევე როგორც ყველა დანარჩენი განახევრების შემდგომ, ბიტკოინის სახით გაცემული ჯილდო შემცირდა.
ბიტკოინის ფასი კი, როგორც წესი მნიშვნელოვან ცვლილებას გადის განახევრებიდან რამოდენიმე თვეში, ასე გვეუბნება ყველა წინა ჰალვინგის სტატისტიკა.