ახალი ამბები

ეჭვია, რომ ერთი კაცი ამას ვერ გააკეთებდა – გორის საკრებულოს თავმჯდომარე „მაინერების საქმეზე“

3 თებერვალი, 2022 • 1657
ეჭვია, რომ ერთი კაცი ამას ვერ გააკეთებდა – გორის საკრებულოს თავმჯდომარე „მაინერების საქმეზე“

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა გორის კულტურის ცენტრში, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კრიპტოვალუტის მაინინგის ფაქტს.

ტელეკომპანიებმა, „მთავარი არხმა“, „ფორმულამ“ და „ტვ პირველმა“ ხუთშაბათ დილას წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ გორის კულტურის ცენტრში ერთ-ერთი ჩინოსანი კრიპტოვალუტების ქარხანას ამუშავებდა.

ტელეარხების თანახმად, აღნიშნულ პირს ბიტკოინებების მაინერები (ანუ კრიპტოვალუტის მომპოვებელი მოწყობილობები) სამსასახურში ჰქოდა დაყენებული, ელექტროენერგიის გადასახადს კი სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა.

მედიასაშუალებების თანახმად, ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 6 000 ლარს შეადგენდა და მაინერები თითქმის 2 წლის განმავლობაში იყო ჩართული. მაინერებს დიდი ოდენობით ელექტროენერგია ესაჭიროება.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„ცენტრის ხელმძღვანელმა [გელა კაპანაძემ] მე გუშინ მითხრა, დიდი ხანია, ამაზე ეჭვი მქონდაო და მივავლინე სპეციალისტი ჩემგანაცო. რომ ვერაფერი იპოვეს, შემდეგ ენერგოპროს სპეციალისტებსაც ვთხოვე, ენახათ, რაიმე დაზიანება, მოკლე ჩართვა ხომ არ არის, რატომ არის ამხელა დანახარჯიო“.

თუმცა გელა კაპანაძე „მთავარ არხთან“ სატელეფონი საუბარში ამ ამბავთან დაკავშირებით ამბობს, რომ წარმოდგენაც არ აქვს, რაზე ესაუბრებიან.

„ეჭვია, რომ ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა“, – განუცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ „ალბათ, მოხდება ამ საკითხის შესწავლა შესაბამისი სამსახურების მიერ და ის დანარჩენებიც გამოჩნდებიან“.

სახელმწიფო უსაფრთხოების პრესცენტრში „ნეტგაზეთს“ ამ ამბავთან დაკავშირებით მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ „გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს“.

უწყებას არ დაუზუსტებია, რას მოიცავდა საგამოძიებო მოქმედებები ან ფიგურირებს თუ არა საქმეში ბიტკოინების უკანონო მაინინგი.

„გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ სუს-ში.

გარეკანის ფოტო: რადიო მოზაიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი