ახალი ამბებიხელოვნება

გარდაიცვალა მუსიკოსი ლიანა ისაკაძე

5 ივლისი, 2024 •
გარდაიცვალა მუსიკოსი ლიანა ისაკაძე

მუსიკოსი და მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ოჯახის წევრები და კოლეგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

“ქართულმა კულტურამ კიდევ ერთი უდიდესი დანაკლისი განიცადა – გარდაიცვალა გამოჩენილი მუსიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მევიოლინე, ქართული მუსიკის თავგადადებული მოამაგე და პოპულარიზატორი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, შოთა რუსთაველის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი – ლიანა ისაკაძე.
ვუსამძიმრებთ და გულწრფელად თანავუგრძნობთ ლიანა ისაკაძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ქართულ საზოგადოებრიობას”, – წერს ქუთაისის ოპერის თეატრი სოციალურ ქსელში.

მუსიკალური განათლება ლიანა ისაკაძემ თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში პროფესორ ლეო შიუკაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო. 1956 წელს რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა. 1957 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის, ხოლო 1961 წელს — საკავშირო კონკურსის ლაურეატი. 1968 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1965 წლიდან გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. 1970-1992 წლებში მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი იყო. 1981–1995 წლებში-  საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი.

1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

მასალების გადაბეჭდვის წესი