ახალი ამბები

პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელად ზვიად მიხანაშვილი დაინიშნა

5 ნოემბერი, 2015 •
პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელად ზვიად მიხანაშვილი დაინიშნა

ამ თანამდებობას მანამდე გოგი გახარია იკავებდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ გახარიამ თანამდებობა 30 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

სასჯელაღსრულებოს დეპარტამენტის ცნობით, ახალი პოსტის დაკავებამდე ზვიად მიხანაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

 

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა განაცხადა, რომ მიხანაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

 

„აქცენტს ადამიანის უფლებების დაცვაზე გავაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ დაწესებულებებში არსებულ ინფრასტრუქტურას. ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და პატიმრების საზოგადოებაში ჯანსაღ დაბრუნებას,“ – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

 

კახი ხახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელად ზვიად მიხანაშვილი დანიშნა
კახი ხახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელად ზვიად მიხანაშვილი დანიშნა

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ზვიად მიხანაშვილს დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომდე ზვიად მიხანაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. 2015 წელს იგი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მრჩეველი. 2011-2015 წლებში – ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, 2005-2009 წლებში – საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. 2002-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის მოწვეული სპეციალისტი 1998-1999 წლებში კი – საქართველოს პარლამენტში სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი