“ნეტგაზეთი” დღის განმავლობაში ცდილობს რომეო საჯაიასთან გადამოწმებას, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერი, თუმცა მასთან დაკავშირება ჯერ ვერ მოხერხდა.
ჩანაწერის თანახმად, საჯაია ამბობს, რომ რუსთავი 2–თან სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სპეცრაზმელები უნდა მობილიზდნენ.
“ჩვენთან 200 კაცი იყო მოსული, მოვარდნილი. ესენი წავიდნენ რუსთავის შენობისკენ, სადაც ასეთი ინფორმაციაა, რომ გადააცმევენ ალბათ სპეცნაზელებს ან ვიღაცებს, კუნთიანებს სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა, რომ პოლიცია არ შევიდეს მაგიტომ. დღესვე უკვე მე იქიდან ვუთხარი, დავრეკე და აკომ მითხრა, წამოვიდნენო,”– ამბობს რომეო საჯაია ჩანაწერში.
გუშინ, 3 ნოემბერს ამავე პორტალზე გავრცელდა ნუგზარ წიკლაურსა და სააკაშვილს შორის აუდიოჩანაწერები, სადაც ძირითადად საუბარია საკითხზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ მობილიზაცია აქციის გასამართად და შეუშალონ ხელი რუსთავი 2–თან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
2 ნოემბერს გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძის, ასევე, სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შორის. ამ ჩანაწერებში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტებს უნდა დაელაპარაკოს. “მაგათ აუხსენი, რომ ყველას გაყრიან” – ამბობს სააკაშვილი. კიდევ ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მოსალოდნელ “სისხლისღვრაზე” ესაუბრება.
გარდა ამისა, რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ჩანაწერები სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე, სააკაშვილსა და გვარამიას შორის. ბოკერიამ და გვარამიამ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”.