შსს–ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ აწყურში, ხაშური-ახალციხის სარკინიგზო ლიანდაგის მე-60-ე კილომეტრზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა – ე.წ. შავი მიწა უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. შსს–ის ცნობით, „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 10 960 ლარი და 19 თეთრი შეადგინა, უკანონოდ მოპოვებული ე.წ. შავი მიწა და დანაშაულის ჩადენის ხელსაწყო-ინსტრუმენტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 18 პირი: 28 წლის ანდრო კ, 35 წლის თეიმურაზ კ, 23 წლის ვახტანგ ქ, 35 წლის ანდრო ც, 23 წლის ტარიელ გ, 35 წლის ზურაბ ქ, 40 წლის მამუკა ჩ, 39 წლის გიორგი ჩ, 31 წლის ირაკლი მ, 34 წლის ბესარიონ ბ, 25 წლის დავით ხ, 39 წლის გიორგი ხ, 22 წლის ბაჩუკი ხ, 35 წლის გიორგი ხ, 24 წლის თენგიზ ქ, 30 წლის გიორგი ქ, 35 წლის ზურაბ ნ. და 32 წლის თეიმურაზ წ. დააკავეს; ხოლო 4 პირი: 30 წლის შმაგი კ, 27 წლის მალხაზ კ, 28 წლის ზაურ ყ, და 46 წლის ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.