ახალი ამბები

საარჩევნო სპეცუბნების შექმნასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია მისცეს

3 ნოემბერი, 2015 •
საარჩევნო სპეცუბნების შექმნასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია მისცეს

“უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაცია მისცა თავდაცვის სამინისტროს, უხელმძღვანელოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებს სპეციალური უბნების შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების გასაუმჯობესებლად. ჯგუფის მუშაობის მიზანია, გაიზარდოს იმ უწყებათა გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის ხარისხი, რომელთა ბაზებიც არჩევნების დროს სპეცსიებსა და სპეცუბნებს საჭიროებენ. საკანონმდებლო წინადადების შემუშავება ჯგუფმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს,”– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

გარდა ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სახალხო დამცველის აპარატს, ცესკოს, საიას, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრს, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.

 

 

ცესკოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 31 ოქტომბერს გამართული შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის საგარეჯოში, დისლოკაციის ადგილის მიხედვით, რეგისტრირებული იყო 628 სამხედრო. კერძოდ, მუხროვანში დარეგისტრირდა 549, სოფელ პალდოში- 70 და მანავში – 9. წინა წლებში საგარეჯოში არჩევნებზე რეგისტრირებული სახედრო მოხელეების რაოდენობა გაცილებით უფრო მცირე იყო.

 

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მაშინ ეს გარემოება იმით ახსნა, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მთლიანი ბატალიონი იმყოფებოდა ავღანეთში და ისინი საგარეჯოში ხმას ევრ მისცემდნენ. ადგილზე ყოფნის შემთხვევაში კი მათი რაოდენობა 601 იქნებოდა. 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხიდაშელის თქმით, საკონტრაქტო მოსამსახურეთა ნაწილმა ხმა მისცა მისი საცხოვრებლის მიხედვით, ვინაიდან ბატალიონი წინაგადასროლის მომზადების კურსზე კრწანისში იყო მივლენილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი