საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ პირველი ადგილის დაკავება პარიზში მემარცხენე ალიანსის ათასობით მხარდამჭერმა გააპროტესტა.

მემარცვენე კოალიციის მხარდამჭერების აქცია პარიზში ფოტო: EPA
ფართომასშტაბიანი აქცია პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. როგორც CNN წერს, პარიზში პროტესტს 5 500-მდე ადამიანი შეუერთდა, აქცია გაიმართა ლიონშიც.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მემარცხენე ალიანსის ლიდერმა, ჟან ლუკ მელანშონმა. მან დემონსტრანტებს განუცხადა, რომ წინ მძიმე კვირაა და ახლა მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის მომავალი და თითოეული ადამიანის ბედი. 7 ივლისს საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, სადაც გადაწყდება, თუ რამდენი მანდატის მოპოვებას შეძლებენ პარტიები.
„ქვეყანას მოუწევს არჩევანის გაკეთება“, — თქვა მელანშონმა და იმ კანდიდატებს, რომლებმაც საკუთარ ოლქებში მესამე ადგილი დაიკავეს, პირველზე კი ლე პენის „ეროვნული ერთობა“ გავიდა, მოუწოდა მეორე ტურში მონაწილეობა აღარ მიიღონ, რათა ძირითად კანდიდატებს მეორე ტურში ხმათა უმრავლესობის მოპოვების შანსი ჰქონდეთ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიის პირისპირ.

მემარცვენე კოალიციის მხარდამჭერების აქცია პარიზში ფოტო: EPA
„ვღელავ, რომ ხელისუფლებაში შესაძლოა ულტრამემარჯვენეები მოვიდნენ. თუმცა წინ ერთი კვირაა და ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ“ ,— უთხრა Politico-ს 23 წლის სტუდენტმა, რომელიც პარიზში გამართულ აქციაში იღებდა მონაწილეობას.
საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში, წინასწარი მონაცემებით, მარინ ლე პენის პარტია, „ეროვნული ერთობა” ლიდერობს.
როგორც BBC წერს, „ეროვნულ ერთობას“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 33.1% აქვს, მას მემარცხენე ალიანსი მოსდევს (28%), პრეზიდენტ მაკრონის გუნდმა კი 20.76% მიიღო.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პარტია 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა.
“ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მაკრონმა, როცა მისი კონკურენტის, მარინ ლე პენის პარტიამ მასზე 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო.
რომ არა მაკრონის ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის პარლამენტი ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობით 2027 წლამდე იმუშავებდა.
ჯამში, 577 მანდატია გასანაწილებელი. უმრავლესობის მოსაპოვებლად ნახევარი, 289 მანდატის მიღებაა საჭირო. თუმცა სავარაუდოა, რომ ამისთვის ხმათა საკმარის რაოდენობას ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს. უფრო მეტიც, არჩევნების შედეგები არა ერთი, არამედ ორი ტურის შემდეგ გადაწყდება. მეორე ტური, სავარაუდოდ, 7 ივლისს გაიმართება.
ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურების გამო, ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტ ხმას სწორედ მარიან ლე პენის პარტია, “ეროვნული ერთობა” მიიღებს. ამ შემთხვევაში მათ ისტორიაში პირველად ექნებათ შესაძლებლობა, დააკომპლექტონ საფრანგეთის მთავრობის დიდი ნაწილი. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტსა და მის პარტიას “ერთად”, ექსპერტთა ვარაუდით, შესაძლოა, მე-2 ადგილზეც კი ვერ გავიდეს. წინასწარი გამოკითხვებით, მას უსწრებს ცოტა ხნის წინ შექმნილი მემარცხენეთა გაერთიანება “ახალი სახალხო ფრონტი”.
ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის პარლამენტის ახალ შემადგენლობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ულტრამემარჯვენე ლე პენისა და მკვეთრად მემარცხენე “სახალხო ფრონტის” წარმომადგენლები.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, ის თანამდებობაზე თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, რომელიც 2027 წელს იწურება.
ამავე თემაზე:








